თორნიკე რიჟვაძე - აჭარის რეგიონის მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ კორონავირუსის შემთხვევების მზარდ ნაკადებს გავუმკლავდეთ
თორნიკე რიჟვაძე - აჭარის რეგიონის მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ კორონავირუსის შემთხვევების მზარდ ნაკადებს გავუმკლავდეთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში რთული მდგომარეობის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს და უახლოეს პერიოდში რეგიონში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

რაც შეეხება უკვე მოქმედ შეზღუდვებს, მისი შეფასებით, ეს არის დროებითი, რაც ჯანდაცვის სექტორს სიტუაციის კონტროლში ეხმარება.

„ეს დროებითი შუალედური შემზღუდავი ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ მოვახდინოთ ვითარების დასტაბილურება, შევინარჩუნოთ კონტროლი, რაც მოგვცემს საშუალებას, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ დავასტაბილუროთ მდგომარეობა. ის, რომ გაზრდილი იყო პაციენტების ნაკადი, როგორც ჰოსპიტალებში, ისე სასტუმროებში და საოჯახო კლინიკებში, სადაც უკვე 500-ზე მეტი ადამიანი გადის მკურნალობას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს როგორც ხარისხის კუთხით მონიტორინგს, ასევე კონტროლის შენარჩუნებას და დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არის დროებითი და შუალედური, შეგვაძლებინებს, მაქსიმალურად მალე დავასტაბილუროთ ეპიდმდგომარეობა. თუმცა, მინდა, განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არანაირად არ აქვს არც ერთ ბათუმელს, რეგიონის მცხოვრებელს. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ გავუმკლავდეთ მზარდ ნაკადებს და ყველა საჭიროების მქონე პაციენტი არ დარჩეს სამედიცინო სერვისის გარეშე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.