თორნიკე რიჟვაძე აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაეცნო
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაეცნო

აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს. ცალკეულ სოფლებში თოვლის საფარმა მეტრს გადააჭარბა. ამის მიუხედავად ცენტრალურ და ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხებები არ ფიქსირდება.

საავტომობილო გზებზე გადაადგილება რეკომენდირებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით.

მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა. დღეს თორნიკე რიჟვაძე საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის წევრებს შეხვდა და დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთანი აჭარის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად სოფლების, დაბების და ადმინისტრაციული ცენტრების დამაკავშირებელი გზები მოინახულა და გზების წმენდის პროცესს დაესწრო.

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტის 61 ერთეული მძიმე ტექნიკა დილიდან წმენდს საავტომობილო გზებს თოვლის საფარისგან.

კურორტ გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის არის შესაძლებელი. ცენტრალურ და ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ საავტომობილო გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხებები არ ფიქსირდება.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ ხულოში, სოფელ დანისპარაულის მოსახლეობას. შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში აღდგება.

მოსალოდნელი დიდთოვლობის და ყინვების გამო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.