თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი და საგანგებო სიტუაციის პერიოდში არც ერთი მიმართულებით კრიზისი არ ფიქსირდება
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი და საგანგებო სიტუაციის პერიოდში არც ერთი მიმართულებით კრიზისი არ ფიქსირდება

აჭარაში სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი და საგანგებო სიტუაციის პერიოდში არც ერთი მიმართულებით კრიზისი არ ფიქსირდება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფიქსირდება ცალკეული დარღვევებიც შეზღუდვებთან მიმართებაში, თუმცა საერთო ჯამში პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.

„ჯამში ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მართვადი მდგომარეობა რეგიონში, განსაკუთრებით ბათუმში. რაც შეეხება სამართალდარღვევების რაოდენობას, პირველ ეტაპზე ჩვენ გვჭირდებოდა უფრო მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ვინაიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ასევე ავამოქმედეთ კომენდანტის საათი და შესაბამისად დასაწყისში კომუნიკაციის მეტი საჭიროება იყო, ამიტომაც პირველ დღეს სამართალდამცავებიც გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. ფიქსირდება რამდენიმე სამართალდარღვევა როგორც კერძო, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, ასევე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯამში სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობას მადლობას უხდის კანონმორჩილებისთვის, რომელსაც მისი განცხადებით, ადგილობრივები იჩენენ დაწესებული შეზღუდვების მიმართ.

„მოსახლეობას მართლაც ეკუთნის მადლობა, ვინაიდან ისინი ძალიან დიდი გულისხმიერებით, გაგებით და კანონმორჩილებით ეკიდებიან იმ გამკაცრებულ წესებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედებს. ჩვენი ბრძოლა ამ ინფექციასთან მოითხოვს ერთის მხრივ, როგორც მთავრობის ეფექტურობასა და დროულ, სწორ გადაწყვეტილებებს, ამავე დროს მოითხოვს აბსოლუტურად მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირებულ, კოლექტიურ ძალისხმევას, რომ შევძლოთ, ეს მართლაც დიდი გამოწვევა, მინიმალური დანაკარგებით გამოვიაროთ და ამ ომში გავიმარჯვოთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.