თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს

აჭარაში სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„აჭარაში, საბედნიეროდ, არ გვაქვს ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები, მაგრამ ჩვენ გვაქვს დაინფიცირების ზრდის რისკი იმის გათვალისწინებით, რომ აჭარა საზღვრისპირა რეგიონია და დაახლოებით 2 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება საკარანტინო სივრცეებში. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. ის, რომ შიდა გადაცემები არ გვაქვს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პროცესის მართვა შეგვიძლია ისე, რომ ვირუსის შიდა გადაცემები მაქსიმალურად დავაზღვიოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მზად არის ბათუმის კლინიკა გაზრდილი ნაკადების სამართავად და რამდენად საკმარისია სამედიცინო აღჭურვილობისა და საწოლების რაოდენობა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად მიდის მუშაობა როგორც ჯანდაცვის რგოლის, ისე ზოგადად, ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნაზე.

„ჩვენ ვემზადებით თუნდაც ყველაზე რთული სცენარისთვის ვირუსის გავრცელებასთან მიმართებით. უკვე რამდენიმე დღეში ფუნქციონირებას დაიწყებს ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ასევე, ცალკე არის გამოყოფილი ე.წ. ცხელების ცენტრები. ასე რომ, მთლიანად ჯანდაცვის სისტემა გამართული ხვდება ამ ძალიან დიდ გამოწვევას და დარწმუნებული ვართ, შევძლებთ, როგორც გაზრდილი ნაკადების მიღებას, ისე უამრავი ადამიანის გადარჩენას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისი თქმით, მართალია, დასაწყისში შეინიშნებოდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები, მაგრამ პროცესი დღეს უკვე დარეგულირებულია და ეს, პირველ რიგში, კანონმორჩილი მოქალაქეების დამსახურებაა.

„ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კლება, როგორც თვითიზოლაციის წესების დარღვევის, ისე საკარანტინო სივრცეებში გარკვეული გადაცდომების. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ბოლომდე აქვთ გააზრებული საფრთხე, რომელიც ვირუსის გავრცელებას უკავშირდება. ამავდროულად, მიმდინარეობს მათი სამედიცინო მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სტაციონარული მკურნალობა“, – განაცხადა რიჟვაძემ.

შეკითხვაზე, რა ალტერნატივა იქნა შეთავაზებული ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სოციალური სასადილოებით სარგებლობდნენ, რადგან ქობულეთში მდებარე სოციალური სასადილო დაიხურა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ არამალფუჭებადი საკვები გაიცემა როგორც საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ოჯახებზე, ისე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, რომლებიც სოციალური სასადილოებით სარგებლობდნენ.

„მათთან ადგილზე მოხდება მიტანა იმ პირველადი სასურსათო კალათის, რომელიც მათ ამ დროის განმავლობაში ესაჭიროებათ. ასევე მოხდება მათი პირველადი სამედიცინო მედიკამენტებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.