თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში საინვესტიციო პაკეტი წელს ექვს მილიარდს მიაღწევს
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში საინვესტიციო პაკეტი წელს ექვს მილიარდს მიაღწევს

მიმდინარე წელს, აჭარაში საინვესტიციო პაკეტი ექვს მილიარდს მიაღწევს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის გაზრდილი.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში გვაქვს 43-პროცენტიანი ზრდა. მინდა გითხრათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსხვავდება საინვესტიციო პორტფელისგან და ეს ყველა კვალიფიციურმა ადამიანმა იცის. საინვესტიციო პორტფელის ნაწილში გვაქვს ოთხ მილიარდამდე მოცულობა. ასევე, წელს ვაპირებთ, რომ ეს გახდეს ექვსი მილიარდი ლარი.

გასულ წელს აჭარაში შეიქმნა ორი ათასი სამუშაო ადგილი და წელს გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გვქონდეს არანაკლებ ექვსი ათასი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დააანონსა, რომ ე.წ. მუყაოს ქალაქში კორპუსების მშენებლობა თებერვალში დაიწყება და ამ დღეებში უკვე გამოვლინდება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, წელსვე გაიზრდება განათლების სფეროში დასაქმებულთა ხელფასიც. მისი თქმით, კონკრეტულად ანაზღაურება ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგებს გაეზრდებათ.