თორნიკე რიჟვაძე აჭარაში კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებას აანონსებს
თორნიკე რიჟვაძე აჭარაში კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებას აანონსებს

თორნიკე რიჟვაძე აჭარაში კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურში, აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე გააკეთა. ამასთან, თორნიკე რიჟვაძე კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურების პარალელურად, საკადრო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს.

“არ მინდა, რომ მოვდუნდეთ იმ ანტიკორუფციული ხაზის თვალსაზრისით, რომელსაც ვატარებთ. კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა, შიდა პოლიტიკის კონტროლი. ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, კიდევ უფრო გაძლიერდნენ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურები.

ვაპირებ, უახლოეს პერიოდში საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო სწორედ ის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან, რომელსაც დავუდეთ საფუძველი. ყველა ხელმრუდე საჯარო მოხელე, რომელიც გაბედავს, რომ საჯარო რესურსების პარაზიტად გადაიქცეს, უნდა მოხვდეს განსასჯელის სკამზე და ეს უნდა უზრუნველვყოთ”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მთავრობის წევრებს თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლონ უწყებებთან, რომელთა კომპეტენციაც არის კორუფციული ფაქტების გამოვლენა. რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, რა მიმართულებით გატარდება საკადრო ცვლილებები, მან განაცხადა, რომ ეს მუშაობის პროცესში გამოჩნდება.