თორნიკე რიჟვაძე - აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ ეკონომიკის აღდგენა მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ
თორნიკე რიჟვაძე - აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ ეკონომიკის აღდგენა მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ

კერძო სექტორთან ერთად უნდა შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა. აჭარას და ბათუმს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ და აღვადგინოთ ეკონომიკა – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს აჭარის სამინისტროებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრები ყველა სამინისტროში გამართა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საუბარი საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურებას შეეხო. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეკონომიკის აღდგენისთვის უფრო გაბედული და ეფექტიანი ნაბიჯებია საჭირო.

ამასთან, რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა პანდემიის მიუხედავად ნარინჯისფერი რთველის წარმატებით ჩატარებისთვის. მისი განცხადებით, უნდა გაძლიერდეს უფასო ხვნა-თესვის პროგრამა და თითოეულმა ფერმერმა შეძლოს ამ პროგრამით სარგებლობა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტუმრობისას თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის მართვისა და სოციალური პროექტების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, სისტემამ შეძლო, დიდ დატვირთვას გამკლავებოდა. თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სტუმრობისას კი საუბარი შეეხო საკლასო ოთახებში სწავლის განახლების და სასწავლო პროცესში რეგულაციების დაცვის საკითხებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, კულტურა და სპორტიც აღდგება თანმიმდევრულად და ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.