თორნიკე რიჟვაძე - 9 აპრილი არის როგორც დიდი ტკივილის, ამავე დროს, ქართველი ხალხის ერთიანობისა და გმირული თავგანწირვის დღე
თორნიკე რიჟვაძე - 9 აპრილი არის როგორც დიდი ტკივილის, ამავე დროს, ქართველი ხალხის ერთიანობისა და გმირული თავგანწირვის დღე

9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ​9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთი მხრივ, ძალიან დიდი ტკივილის დღე, ამავე დროს, ქართველი ხალხის ერთიანობისა და გმირული თავგანწირვის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ის ღირებულება, რომელიც ამ ხალხს აერთიანებდა, შევინარჩუნოთ და შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.