თორნიკე მოლაშვილი - მიხეილ სააკაშვილს სიმართლე არ გააჩნია, თვალს არ დაახამხამებს და რამდენიმე ასეულ კაცს ისე გამოასალმებს სიცოცხლეს
თორნიკე მოლაშვილი - მიხეილ სააკაშვილს სიმართლე არ გააჩნია, თვალს არ დაახამხამებს და რამდენიმე ასეულ კაცს ისე გამოასალმებს სიცოცხლეს

მიხეილ სააკაშვილი ვერასოდეს გახდება პოლიტპატიმარი, პიროვნება არის დამნაშავე და კრიმინალი, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც თორნიკე მოლაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში რაც ხდება, ყველას ტკივილია.

„რაც დღეს საქართველოში ხდება, მარტო ჩემი და ჩემი მეგობრების ტკივილი არ არის, თითოეული ჩვენგანის ტკივილია. რაც შეეხება აქციას, რამოდენიმე პოლიტპატიმარმა გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ეს აქცია. ყველას ვერ დავუკავშირდით. არის ხალხის კატეგორია, რომელთაც პოლიტპატიმრის სტატუსი აქვთ მინიჭებული, არის ხალხის კატეგორია, მართლა პოლიტპატიმრები ვინც იყვნენ. ჩვენს ზურგს უკან დაწესებულებაშიც ვინც იმყოფება, მიხეილ სააკაშვილი ვერასოდეს გახდება პოლიტპატიმარი. პიროვნება არის დამნაშავე, კრიმინალი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ტერორისტი, ისე შემოიპარა საქართველოში. კაცობაც არ ეყო, კაცურად საზღვარზე შემოსულიყო, „სმეტანებში“ დაიმალა, შემოვიდა საქართველოში და დღეს უნდათ პოლიტპატიმრის იარლიყი აკიდონ. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც წამებები გადაიარეს. საზოგადოებას გვინდა, გავახსენოთ, ვის რას უკეთებდნენ, როგორ აპატიმრებდნენ, შვილებს რა დაემართათ ამ ხალხის დაპატიმრების შემდეგ, როგორ უსწორდებოდნენ მეუღლეებს და სად ვცხოვრობდით, ახლა სად ვართ, თუ არ დავფიქრდებით, სად შეიძლება რომ ვიყოთ. მინდა, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა თავის ყურით გაიგოს. ვერასოდეს ვერ გახდება პოლიტპატიმარი, ის არის კრიმინალი. ვერასოდეს ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი თავიდან პიროვნება, რომელიც მალავს თავის წარსულს, დაწყებული თავისი ოჯახიდან, დამთავრებული თავის მეობამდე. ამ კაცს სიმართლე არ გააჩნია, ამ კაცს მეობა და ზნეობა არ გააჩნია, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ თვალს არ დაახამხამებს და რამდენიმე ათეულ ასეულ კაცს სიცოცხლეს გამოასალმებს. ვიცნობ ამ პიროვნებას და ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ჩემზე კარგად იციან, ვინც ახლა მიშას დასაცავად გამოდიან. ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი და რაზე მოაწერს ხელს. მას უნდოდა აერია ვითარება, სისხლი უნდა დაღვრილიყო რამოდენიმე ათეული ადამიანის, ვითომ დამალული რომ გამოჩნდება, ვითომ რამდენიმე ათეული ადამიანი უნდა გარდაცვლილი და მერე ისევ უნდა აერიათ. დღეს საქართველოში ასე წყნარად რომ მივდივართ და მოვდივართ, ასე კი ვერ ვიქნებოდით, ის რომ გაეკეთებინა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა მიშას, დღეს ავტომატის კაკანი იქნებოდა საქართველოში“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.