თორნიკე გურული - თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, შენი წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტზე არ უნდა იყოს გათვლილი
თორნიკე გურული - თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, შენი წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტზე არ უნდა იყოს გათვლილი

თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, შენი წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტზე არ უნდა იყოს გათვლილი, ის უფრო გლობალური უნდა იყოს და ამომრჩეველს მთლიანად უნდა მოიცავდეს, – განაცხადა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, პიარის სპეციალისტმა, თორნიკე გურულმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„გირჩის“ სამიზნე ძირითადად, ახალგაზრდები და შედარებით ლიბერალური აზროვნების მქონე ადამიანები არიან, ვისთვისაც მთავარი ღირებულება თავისუფლებაა, მაგრამ თუ წარმატების მიღწევა გინდა, შენი წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტზე არ უნდა ააგო. არ შეიძლება, ყველასთვის საინტერესო იყოს მაგალითად, მევახშეობის საკითხი. ისევე, როგორც ნარკოტიკების თემა. ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანია უფრო გლობალური უნდა იყოს“, – განაცხადა გურულმა.

პიარის სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ინოვაციური იყო „გირჩის“ კამპანია, როცა მან თავისი რეკლამები პორნოსაიტებზეც კი განათავსა, რადგან ისინი თვლიან, რომ ამ საიტებს საქართველოში ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ ამ კამპანიამ გაამართლა, არჩევნების შედეგებით შესაძლებელია თუ არა გარკვეული ტენდენციების დანახვა და შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ მომდევნო საარჩევო კამპანიებში მსგავს მეთოდებს სხვებიც გამოიყენებენ, თორნიკე გურულმა განაცხადა, რომ ასეთი კამპანია რაღაც სეგმენტზე აუცილებლად გაამართლებს, მაგრამ „გირჩის“ კამპანია ძალიან ნიშურია და არ შეიძლება ვთქვათ, რომ ის მთლიანად საზოგადოებისთვისაა მოსაწონი.

„ამიტომ, სრული საზოგადოებისთვის, რომელიც არჩევანს აკეთებს, ერთი, ზოგადი ტიპის შემკვრელი მესიჯი აუცილებლად უნდა გქონდეს“, – განაცხადა თორნიკე გურულმა.