თორნიკე გურული - საპრეზიდენტო კანდიდატების უმრავლესობა 90-იან წლებს მოგვაგონებს, შესაბამისად, მათი მენტალიტეტი დღეს იქ არის
თორნიკე გურული - საპრეზიდენტო კანდიდატების უმრავლესობა 90-იან წლებს მოგვაგონებს, შესაბამისად, მათი მენტალიტეტი დღეს იქ არის

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების უმრავლესობა 90-იან წლებს მოგვაგონებს, შესაბამისად, მათი მენტალიტეტი დღეს იქ არის, – ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, პიარის სპეციალისტმა, თორნიკე გურულმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ შეიძლება, ყველაზე ვთქვათ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ერთი ნაწილი, თავისი მენტალობით, 90-იან წლებში გაჩერდა და მათი საარჩევნო კამპანია ამ 90-იან წლებს მოგვაგონებს. არის ძალიან ბევრი რელიგიური თემა, სიძულვილის ენა, აგრესიული კადრები, კივილი და ა.შ. ძალიან სამწუხაროა ის, რომ მაგალითად, სასაფლაოზე მყოფი საპრეზიდენტო კანდიდატი საფლავთან ყვავილებით მიდის და ამით ფიქრობს, რომ ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, რადგან ადამიანთა გულს მოიგებს“, – განაცხადა გურულმა.

მისი თქმით, შესაძლოა, ასეთი საარჩევნო კამპანიის მიზეზი ისიც იყოს, რომ პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან უმრავლესობას, შესაბამისი რესურსი არ ჰქონდა, რათა შესაბამისი სპეციალისტები დაექირავებინა.

„თუ კანდიდატებს დავაკვირდებით, რაღაც ნაწილში ჩანს, რომ აქ პიარის მიმართულებით დაკავებულმა ჯგუფმა მართლა იმუშავა. მათ ამ უფასო პოლიტიკურ რეკლამაზეც ბევრი დრო დახარჯეს. მესიჯბოქსებიც ნახეს, თუ რა იქნებოდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, კვლევაც ჩაატარეს და სახეებსაც ყურადღება მიაქციეს, მაგრამ თუ კანდიდატთა მეორე ნაწილს შევხედავთ, აბსოლუტურად სხვა სურათია. კადრსაც რომ დავაკვირდეთ, ისიც ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშეა შერჩეული; ზოგს მესიჯიც კი არ აქვს. გამოდის, პირჯვარს იწერს და არაფერს არ გვეუბნება“, – განაცხადა გურულმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, ადვილია თუ არა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობა, თორნიკე გურულმა განაცხადა, რომ არიან კანდიდატები, რომლებიც პროფესიონალების მიმართ აბსოლუტურად გახსნილი არიან და სიახლის მიმღებლობა აქვთ, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის.

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რაც ბევრ რაღაცას გვაჩვენებს ხოლმე. თუ ამ კვლევას აუცილებლად გავითვალისწინებთ, ისეთი სიტუაცია არ გვექნება, როგორც ამ 25 კანდიდატიდან უმრავლესობის შემთხვევაშია“, – განაცხადა თორნიკე გურულმა.