თორნიკე ფაღავა – ნიკა გვარამია ძალადობდა ხელისუფლებაში ყოფნისას, ძალადობს ახლა, როდესაც ოპოზიციაშია და საზოგადოებას ძალადობას ჰპირდება, თუ ხელისუფლებაში მოვა

13:13, 05.09.2026

ნიკა გვარამია ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, რადგან ქართულმა საზოგადოებამ ის პოლიტიკურ მოუსავლეთში უკვე გაუშვა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკემ ფაღავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ნიკა გვარამიამ ვერ გაიაზრეს თუ რატომ გაუშვა ქართულმა საზოგადოებამ ისინი ხელისუფლებიდან.

„ასეთი გამოთქმა არსებობს, ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ახალი ისწავლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ნიკა გვარამიამ ვერ გაიაზრეს თუ რატომ გაუშვა ქართულმა საზოგადოებამ ისინი ხელისუფლებიდან. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ეს ადამიანები ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ეს ადამიანები ქართულ საზოგადოებას ძალადობას ჰპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვლენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარასოდეს ვეღარ გახდება გენერალური პროკურორი იმდენად, რამდენადაც ქართულმა საზოგადოებამ ისინი პოლიტიკურ მოუსავლეთში უკვე გაუშვა. ისინი ძალაუფლებას ხელში ვეღარასოდეს აიღებენ, რადგან დადასტურებული მოძალადეები არიან, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში“, – განაცხადა ფაღავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოს და განაცხადა, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მას ემუქრება.

„ნინო წილოსანს მივმართავ, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, ყველაფერი მოყვე, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“, – აცხადებს ნიკა გვარამია გავრცელებულ ვიდეოში.

მსგავსი