თორნიკე ჭეიშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური საქმიანობის მიზანი იყო, რეალობა გადაფარულიყო, მაგრამ სამართალმა თავისი გზა იპოვა როგორც შიდა დონეზე, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟებში
ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური საქმიანობის მიზანი იყო, როგორმე რეალობა და სიმართლე გადაფარულიყო, მაგრამ სამართალმა თავისი გზა იპოვა როგორც შიდა დონეზე, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
ჭეიშვილის თქმით, დადასტურდა, რომ ქართული მხარე პირნათელი იყო.
„კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო არათუ ხელს უშლიდა, არამედ ეხმარებოდა კიდეც კონსორციუმს, რათა პროექტი წარმატებული ყოფილიყო. ამას ისიც ადასტურებს, რომ რამდენჯერმე მოხდა ვალდებულებების გადავადება. ვაშინგტონის გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა, რაც მეტყველებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე თუ მათი უცხოელი პარტნიორი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მართლები არ იყვნენ. ამის მიუხედავად, მცდელობა მაინც იყო, სახელმწიფო გამტყუნებულიყო. თანხა მილიარდ-ნახევარ დოლარს უთანაბრდება და სწორედ ამის ამოღება სურდათ ქართველი ხალხის ჯიბიდან. ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური საქმიანობის მიზანი იყო, როგორმე რეალობა და სიმართლე გადაფარულიყო, მაგრამ სამართალმა თავისი გზა იპოვა როგორც შიდა დონეზე, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟებში. დადასტურდა, რომ ქართული მხარე პირნათელი იყო. კონსტიტუციაში ნორმაც კი გაჩნდა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. ამის მიუხედავად, პროექტზე პასუხისმგებელი პირების თაღლითური ზრახვებისა და უნიათობის გამო პროექტმა დღის სინათლე ვერ იხილა. ისინი ამ თემის გამოყენებას და პარაზიტირებას ცდილობდნენ. უნდოდათ, ხელში სოლიდური თანხა ჩაეგდოთ“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, 31 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბობ მეიერმა ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხა გადაიხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა და განაცხადა, რომ ბობ მეიერმა დაკისრებული თანხა რამდენიმე დღის წინ გადაიხადა და უკვე აისახა ბიუჯეტში.