ტორინოში ქართველი ჩაირიცხა - კონტრაქტი მილანთან მაკავშირებს და იჯარით გამიშვეს
ტორინოში ქართველი ჩაირიცხა - კონტრაქტი მილანთან მაკავშირებს და იჯარით გამიშვეს

„საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი გუკა ხვედელიძე იტალიის სერია “ა”-ს კლუბში ჩაირიცხა. 16 წლის ფეხბურთელი „საბურთალოს” 2002 წელს დაბადებულთა გუნდში თამაშობდა, ცოტა ხნის წინ კი იტალიური „ტორინოს” 17 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა.

„კონტრაქტი „მილანთან” მაკავშრებს. იტალიაში პირველად „მილანში” ჩამოვედი, მაგრამ მათ საბუთების მოგვარება ვერ შეძლეს. შემდეგ „ტორინომ” აიღო თავის თავზე საბუთების მოწესრიგება და ახლა „მილანიდან” „ტორინოში” 1-წლიანი იჯარით ვარ“ – ამბობს ხვედელიძე.

ისევე როგორც „საბურთალოში”, 16 წლის ფეხბურთელი იტალიურ გუნდშიც შემტევ ნახევარმცველად თამაშობს: „რამდენიმე მატჩის ჩატარება უკვე მოვასწარი. ვითამაშე „ფიორენტინას”, „იუვენტუსის”, „სამპდორიას”, „სპეციასა” და „პარმას” 17 წლამდელთა გუნდების წინააღმდეგ. გუნდთან ერთად კარგი შეკრება გავიარე“.

ხვედელიძემ ადაპტაციის სირთულეებზეც ილაპარაკა: „თავდაპირველად, იტალიასთან შეგუება გამიჭრდა. თუმცა ადაპტაციისთვის დიდი დრო რომ არ დამჭირდა, რაშიც იტალიელებმა ხელი შემიწყვეს. „ტორინოს” მთავარი გუნდის ბაზაზე ვცხოვრობ და მთავარ გუნდთან ხშირი შეხება მაქვს. მიხარია, რომ კარგ გარემოში მოვხვდი. იტალო გალბიატი, რომელიც ძალიან ცნობილი სპეციალისტია, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაში, ყოველდღიურად დიდ ყურადღებას მაქცევს. სწორედ, მისი დამსახურებაა რომ დღეს „ტორინოს” 17 წლამდელთა გუნდში ვარ და რა თქმა უნდა, „საბურთალოსი”, სადაც გამზარდეს და რამდენიმე დაუვიწყარი წელი გავატარე“.