„ტორინოს“ მწვრთნელი „რომას“ ვარჯიშის დროს ჯაშუშობაში გამოიჭირეს #1TVSPORT
სერია A-ში „ტორინოსა“ (სადაც საბა საზონოვი თამაშობს) და „რომას“ მატჩამდე სახალისო ამბავი მოხდა – გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელთა ერთ-ერთი მწვრთნელი მატჩამდე მეტოქის ვარჯიშის დროს ჯაშუშობაში გამოიჭირეს.
Corriere dello Sport-ის ონლაინ გამოცემის ცნობით, სპინაცეტოს პოლიციამ დაადგინა, რომ ტურინელების მწვრთნელის, ივან იურიჩის თანაშემწე, მიკელე ორეკიო „ჯალოროსის“ დასკვნით ვარჯიშს მოწინააღმდეგის ტაქტიკის შესასწავლად უთვალთვალებდა.
ამ სცენას კიდევ უფრო სახალისოს ის ფაქტი ხდის, რომ „ტორინოს“ მწვრთნელი ხეზე იჯდა, ვარჯიშს ჭოგრიტით აკვირდებოდა და ჩანაწერებს ბლოკნოტში ინიშნავდა. ორეკიო შემოწმების დროს დააკავეს, რომელსაც სამართალდამცავები ტრიგორიას სპორტული ცენტრის გარშემო ყოველდღიურად ახორციელებენ.
როგორც ჩანს, ტურინული კლუბის თანამშრომელი საკმარისად კარგად ვერ შეინიღბა, რომ სამრთალდამცავების მხედველობის მიღმა დარჩენილიყო. საინტერესოა, რომ მიკელე ორეკიოს მსგავსი ამბავი გასულ სეზონშიც შეემთხვა.