ტორბიორნ იაგლანდი - სტამბოლში არჩევნების შედეგების გაუქმებამ შესაძლოა ამომრჩეველთა ნდობაზე უარყოფითად იმოქმედოს
ტორბიორნ იაგლანდი - სტამბოლში არჩევნების შედეგების გაუქმებამ შესაძლოა ამომრჩეველთა ნდობაზე უარყოფითად იმოქმედოს

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი აცხადებს, რომ თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ სტამბოლის არჩევნების განმეორებით ჩატარების შესახებ შესაძლოა ამომრჩეველთა ნდობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

„ხაზს ვუსვამთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი პირობები უნდა გატარდეს არჩევნებამდე და არა შემდეგ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ შესაძლოა სერიოზულად უარყოფითად იმოქმედოს თურქი ამომრჩევლების ნდობაზე საარჩევნო ორგანოებისადმი“, – ნათქვამია იაგლანდის განცხადებაში.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ თურქეთის მოსახლეობა იმსახურებს დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს.

შეგახსენებთ, 6 მაისს თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა სტამბოლის 31 მარტის არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ოპოზიციონერ კანდიდატ ექრემ იმამოღლუსთან დამარცხდა. განმეორებითი არჩევნები სტამბოლში 23 ივნისს უნდა ჩატარდეს. არჩევნების შედეგები მმართველმა პარტიამ გაასაჩივრა.