ტორბიორნ იაგლანდი - რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მომავალ წელს არ დაბრუნდება
ტორბიორნ იაგლანდი - რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მომავალ წელს არ დაბრუნდება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი აცხადებს, რომ რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მომავალ წელს არ დაბრუნდება. ამის შესახებ იაგლანდმა ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.

გენერალური მდივნის თქმით, თუ რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას იანვრიდან ვერ განაახლებს, მას მთელი წლის გამოტოვება მოუწევს.

„თუ წევრი ქვეყანა არ შეიტანს განაცხადს თავისი უფლებამოსილებების შესახებ იანვარში, ის ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ მთელი წლის განმავლობაში დარჩება. რაც რუსეთისგან გავიგე არის, რომ ისინი იანვარში არ დაბრუნდებიან“, – აღნიშნა იაგლანდმა.

მანამდე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ორგანიზაციის საწევრო გადასახადს არ გადაიხდის, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ და ის შესაძლოა, ევროსაბჭოდან გარიცხონ კიდეც.

9 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უნდა განეხილა რეგლამენტის ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთისთვის შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა. თუმცა პროექტის ავტორმა დოკუმენტი უკან გაიწვია.

რეზოლუციის პროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ავტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პროექტთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა.

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს. მოგვიანებით რუსეთმა ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე და საწევროს გადახდაზე უარი განაცხადა.