ტორბიორნ იაგლანდი - ჩვენთვის საქართველო წარმოადგენს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგ მაგალითს
ტორბიორნ იაგლანდი - ჩვენთვის საქართველო წარმოადგენს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგ მაგალითს

ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მასპინძლობა. მინდა ხაზი გავუსვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების მაღალ ხარისხს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმაც განიხილეს.

„მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო ჩაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას. როგორც ჩვენი შეხვედრის დროს მაცნობეს, საქართველო აქტიურად ემზადება ამ მოვლენისთვის. ასევე განვიხილეთ საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმა. ამჟამინდელი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. მაგალითად, ამ სამუშაოს შედეგია ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო დემოკრატიის სისტემაზე. იყო გარკვეული სირთულეები საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგრამ ამ მხრივ პოლიტიკის გაუმჯობესება ჩვენს პრეროგატივაში არ შედის“, – განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროპის საბჭო წელიწადში ორჯერ აქვეყნებს კონსოლიდირებულ ანგარიშს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების შესახებ.

„ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ამ თანამდებობაზე ჩემი ყოფნის 10 წლის განმავლობაში წელიწადში ორჯერ ვაქვეყნებთ კონსოლიდირებულ ანგარიშს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების შესახებ. ამ ანგარიშების გამოქვეყნების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ დღეს განვიხილეთ ამ რეგიონების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნდობის აღდგენისკენ გამიზნულ მისიებზე, რასაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, საქართველო ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი მაგალითია.

„ჩვენთვის საქართველო წარმოადგენს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგ მაგალითს. იმედის თვალით შევყურებთ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.