თორაძეების მკვლელობის საქმეზე, თამარ თორაძე აშშ-ში დაიკითხება

თამარ თორაძის ინფორმაციით, მისი ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეზე, მას ამერიკელი სამართალდამცველები დაკითხავენ. თამარ თორაძე 1992 წლის 3 მარტს მომხდართან დაკავშირებით დაიკითხება, რა დროსაც მისი ოჯახის ხუთი წევრი მოკლეს. თუმცა, თამარ თორაძის თქმით, ის ამ ეტაპზე სავარაუდოდ იმ ეპიზოდზე დაიკითხება, რომელსაც თავად შეესწრო, მას თვალწინ ორი ძმა მოუკლეს.

„დამიკავშირდნენ და ადგილობრივები ჩაერთნენ პროცესში. სამართლებრივად როგორც საჭირო იქნება, ყველაფერს გააკეთებენ. ამერიკაში ადგილობრივები დამკითხავენ, რადგან დღეს ასეთი სიტუაციაა პანდემიის გამო. გენერალურმა პროკურატურამ თქვა, რომ ეს საქმე შეჩერებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ჩემი ინფორმაციით, ყველა ეპიზოდზე მიმდინარეობს გამოძიება. მაგრამ, რადგან მე ვარ მოწმე იმის, რომ გიორგი რურუამ ჩემს თვალწინ დახოცა ჩემი ძმები, აქედან გამომდინარე ჯერ სავარაუდოდ ამ მიმართულებით დამკითხავენ“, – განაცხადა თამარ თორაძემ.

თამარ თორაძის თქმით, მას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის საქმეში უამრავი მოწმეა, რომლებიც მისი ოჯახის წევრების მკვლელობას შეესწრნენ.

„ეს იყო ვერის სასაფლაოსთან მხედრიონის წარმომადგენლების ჩასაფრება. მე მყავს ამის მოწმეები, უამრავი მეზობელი, რომლებიც შეესწრნენ მომხდარს, სასაფლაოსთან ჩაცხრილეს დედა, მამა და ჩემი ერთი ძმა. ვიცი, რომ გიორგი რურუაც იქ იყო, მერე მოგვადგნენ ბეტეერით ჩვენს კორპუსთან, გამოდით, კორპუსს ავაფეთქებთო. დავიბენით და ავედით მეზობელთან მე 13 წლის, ჩემი პატარა, 15 წლის ძმა და ჩემი პატარა დები. მოგვაგნეს, კარებზე და ფანჯარაზე გვიბრახუნეს, „ლიმონკებსშემოვყრით, გააღეთო. მახსოვს გიორგი რურუას ხმა, აქ არიან თორაძეებიო? დავხედავთ და წავალთო. შემოვიდა, ავტომატი დამიზნებული ჰქონდა უკვე ჩემს ძმაზე. ჩემი ძმა შეეცადა, დაეჭირა ხელით, არ ისროლოო. მაგრამ, მიუშვა და დაცხრილა ჩემი ძმები“, – განაცხადა თამარ თორაძემ.

როგორც თამარ თორაძე ამბობს, ის მუდმივად ითხოვდა მომხდარის გამოძიებას, თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდში მას ამის იმედი არ ჰქონდა და ქვეყანა დატოვა, 2004 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2011 წლიდან კი, ამ ქვეყნის მოქალაქეა. ასევე, თორაძის თქმით, ის 2015 წელსაც ცდილობდა, ამ საქმეზე გამოძიება განახლებულიყო. თუმცა, მისი ინფორმაციით, მას ემუქრებოდნენ, განცხადება არ შეეტანა პროკურატურაში.

გამოძიებას შსს აწარმოებს, სადაც აცხადებენ, რომ თორაძეების მკვლელობის საქმეზე თამარ თორაძეს გამოკითხავენ.

„ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება თამარ თორაძის ახალ განცხადებას, ის დაერთო საქმეს და ამ გამოძიების ფარგლებში მოხდება თამარ თორაძის გამოკითხვა“, – აცხადებენ შსს-ში.

თორაძეების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის ამერიკულ მხარეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თორაძეების ოჯახის წევრმა, თამარ თორაძემ საქართველოს პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. თამარ თორაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და იმყოფება აშშ-ში, შესაბამისად გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა.

ამასთან, თამარ თორაძემ 14 მაისს სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა.

საქმის გამოძიების მოთხოვნით თამარ თორაძემ 17 მაისს ვიდეომიმართვაც გაავრცელა „ფეისბუქ“ გვერდზე, სადაც ამბობს, რომ მან პროკურატურას განცხადებით მიმართა ოჯახის წევრების მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. ამავე ვიდეო მიმართვაში გენერალური პროკურატურის გარდა თამარ თორაძე პრეზიდენტს და მთავრობასაც მიმართავდა.