ტოპ-კლუბები და ფიფა ევროპის პრემიერლიგას ქმნიან - ახალი ტურნირი, შესაძლოა, 2022 წელს დაიწყოს
ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებენ ახალი ტურნირის შექმნაზე, რომლის სახელწოდება იქნება ევროპის პრემიერლიგა.
რამდენიმე წყარო იუწყება, რომ წამყვან კლუბებთან ერთად, ახალი ტურნირის ფორმატზე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაც (ფიფა) მუშაობს. ევროპის პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს, მატჩები კი გაიმართება რეგულარული ევროპული სეზონის განმავლობაში. ახალმა ტურნირმა, შესაძლოა, უკვე 2022 წელს აიღოს სტარტი.
იდეის რეალიზაციისთვის საჭიროა ექვსი მილიარდი დოლარი და ამჟამად, მიმდინარეობს ინვესტორთა მოძიება.
აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებებში ყველაზე აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. ასევე ამ ლიგაში შესვლაზე პრეტენზიას აცხადებენ – „არსენალი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ტოტენჰემი“.
ვარაუდობენ, რომ თითოეული გუნდი მონაწილეობისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს. თუ ევროპული ლიგის ჩატარება მოხერხდება, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მდიდარი საკლუბო ტურნირი.