ტონი ბლერი ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსავლად ბრექსითის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას ხედავს
ტონი ბლერი ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსავლად ბრექსითის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას ხედავს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად ბრექსითის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას ხედავს. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა სააგენტო „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ტონი ბლერმა მოქმედი პრემიერის ტერეზა მეის ბრექსითის კონცეფციას უწოდა გეგმა, რომელიც არავის მოსწონს.

ბლერის თქმით, დროა, მეიმ აღიაროს, რომ ქვეყანაში სრული ქაოსის დასრულებას მხოლოდ ახალ რეფერენდუმს შეუძლია.

„ერთხელ ეს ყველაფერი დაიწყო რეფერენდუმით და გულწრფელად გითხრათ, ამ ყველაფრის დასრულებაც ხმის მიცემის ახალი პროცედურითაა შესაძლებელი“, -განაცხადა ბრიტანეთის ექსპრემიერმა.

მანამდე ტერეზა მეის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით განმეორებითი რეფერენდუმი არანაირ გარემოებებში არ ჩატარდება.

ივლისის დასაწყისში ტერეზა მეიმ „ბრექსითის“ კონცეფცია წარადგინა, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ზონის შექმნას, ასევე ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვარზე თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. იმის მიუხედავად, რომ პრემიერმა კაბინეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, მისი გეგმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ხისტი ვარიანტის მომხრეებმა გააკრიტიკეს.

ბრექსითის“ რბილი ვარიანტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს „ბრექსითის“ საკითხებში მინისტრმა, დევიდ დევისმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.