ტომას ტუხელის მოთხოვნით, ინგლისის ნაკრების ბაზაზე უსაფრთხოება გაძლიერდება #1TVSPORT
ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცის, ტომას ტუხელის მოთხოვნით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის ტაქტიკური მონახაზის გასასაიდუმლოებლად კანზას სითიში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდება.
ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ განაპირობა ინგლისის ჩემპიონშიპის პლეიოფში მომხდარმა ბოლოდროინდელმა სკანდალმა (როდესაც „საუთჰემპტონი“ „მიდლსბროს“ ვარჯიშებზე ჯაშუშობისთვის დაისაჯა). გერმანელ მწვრთნელს სურს, გამოირიცხოს ნებისმიერი რისკი, რომ ჯგუფური ეტაპის მეტოქეებმა – ხორვატიამ, პანამამ და განამ ინგლისელთა სტრატეგია წინასწარ შეიტყონ.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) უკვე შეისწავლა და შეაფასა საწვრთნელი ტერიტორია. გამომდინარე იქიდან, რომ მოედნები ღია სივრცეშია განლაგებული, უსაფრთხოების თანამშრომლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იგეგმება სპეციალური დამცავი ბარიერების და ეკრანების აღმართვაც.
ტაქტიკურ უსაფრთხოებასთან ერთად, ინგლისელთა ბანაკში ყურადღება ექცევა მენტალურ ასპექტებსაც. ამ მიზნით სამწვრთნელო შტაბს ფსიქოლოგი რიჩ ჰემპსონი შეუერთდა, რომლის მთავარი ამოცანაც ფეხბურთელთა ქცევებსა და მათ შორის კომუნიკაციაზე დაკვირვება იქნება.