ტომას ტუხელი – მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა იმ სათამაშო რიტმის შენარჩუნება გაგვიჭირდა, რაც გატანილ გოლამდე გვქონდა #1TVSPORT
მუნდიალის ნახევარფინალში არგენტინის ეროვნულ გუნდთან განცდილი მარცხის (1:2) შესახებ ინგლისის ნაკრების გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.
ინგლისელები მატჩის 85-ე წუთისთვის წინ იყვნენ – 1:0, თუმცა ორი ბურთი თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს, როდესაც თავს აქტიურად იცავდნენ.
„ვერ შევძელით ბურთის გაკონტროლება, მეტოქემ კი საჯარიმოში უამრავი ჩაწოდება განახორციელა, რასაც სახიფათო მომენტები და ჩვენს კარში დარტყმები მოჰყვა. მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა იმ სათამაშო რიტმის შენარჩუნება გაგვიჭირდა, რაც გატანილ გოლამდე გვქონდა.
დაცვაში დარჩენილი დიდი სივრცეების გამო ხუთ მცველზე გადაწყობა ვამჯობინეთ. ამით გვსურდა, ზონები გადაგვეკეტა და საჰაერო ორთაბრძოლებში უკეთ გვეთამაშა. ცხადია, საბოლოო შედეგზე პასუხისმგებელი ყოველთვის მწვრთნელია და როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, ყველაზე მარტივი მისი დადანაშაულებაა.
ბუნებრივია, უპირატესობის გაზრდა გვსურდა, მაგრამ არ მგონია, შეტევის ხაზში განხორციელებულ ცვლილებებს თამაში შეეცვალა. მთავარი პრობლემა ბურთის დაკარგვა იყო, რაც უფრო სტრუქტურულ ხარვეზზე მიუთითებს. კარგად მესმის, რომ ამ თემაზე საუბარი დიდხანს გაგრძელდება, მატჩის დასრულების შემდეგ ხომ მილიონობით „მწვრთნელი“ ჩნდება, რომლებმაც ყველაფერი ჩემზე უკეთ იციან“, – ამბობს ტუხელი.
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის 18 ივლისს საფრანგეთს შეხვდება.