ტომას ჰენდრიკ ილვესი - მსოფლიო, განსაკუთრებით ევროპა და აშშ დიდი ყურადღებით დააკვირდებიან, ისარგებლებს თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი მართლმსაჯულებით
მსოფლიო, განსაკუთრებით ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ყურადღებით დააკვირდებიან, ისარგებლებს თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი მართლმსაჯულებით, – განუცხადა „ამერიკის ხმას“ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა.
„ქვეყნები, რომელთაც კანონის უზენაესობის თვალსაზრისით საეჭვო რეპუტაცია აქვთ, ყოფილ ლიდერებს დევნიან ხოლმე. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც სერიოზული დარღვევის დამადასტურებელი ძალიან საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობს“, – განაცხადა ილვესმა.
ტომას ჰენდრიკ ილვესმა „ამერიკის ხმას“ ასევე უთხრა, რომ მნიშვნელოვანია, „სააკაშვილის დაკავებამ არ გააჩინოს ეჭვები პოლიტიკური მოტივაციის არსებობაზე“.
ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს, დილით „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
შსს-მ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.