ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კათოლიკურმა ეკლესიამ საზეიმო მიღებას უმასპინძლა [ფოტო]
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კათოლიკურმა ეკლესიამ საზეიმო მიღებას უმასპინძლა [ფოტო]

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კათოლიკურმა ეკლესიამ საზეიმო მიღებას უმასპინძლა.

მიღებას როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის, ისე სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და რელიგიური ლიდერები დაესწრნენ.

მესამე წელია, რაც მსგავსი შეხვედრა საქართველოს რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინიციატივით, ყოველ 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, იმართება. ამ დღის აღსანიშნავად, სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სამახსოვრო საჩუქრად თექაზე შესრულებული ნიკო ფიროსმანის მხატვრული ტილოს „მეთვზეს“ ასლი გადასცა.

შეხვედრაზე რელიგიებს შორის ტოლერანტობაზე ისაუბრებს. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მიმართა.

„არ შემიძლია რწმენის გარეშე ცხოვრება და ყველა რწმენის პატივისცემა არის მნიშვნელოვანი. მე თუ პატივს ვცემ შენს რწმენას, სწორედ ეს არის ტოლერანტობა, ეს არის პირველი ნაბიჯი ერთმანეთისკენ გადადგმული. ჩვენ უნდა ავაშენოთ ხიდები და ხიდის აშენებას აზრი არ აქვს, თუ ვიცი, რომ მეორე მხარეს არ არის ნაპირი. ამიტომ ურთიერთობების გაღრმავება არის აუცილებელი. ჩვენი ყველას მსახურება ადამიანების მსახურებაა და ვისურვებდი, რომ ჩვენი ცხოვრების ბოლოს ვთქვათ, რომ „მე ვიყავი კარგი მორწმუნე“, – განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.