ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ ღვინის 12 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც ქართული ღვინის ორი წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი უძღვებოდნენ.  ანა გოდაბრელიძემ სტუმრებს 12 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო წარუდგინა, ესაუბრა ქართული ღვინის კულტურასა და ქართული ღვინის სახეობების მრავალფეროვნებაზე.

ღვინის იაპონელი პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფონზე, რომელიც ტოკიოში 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ზემოაღნიშნულ გამოფენაში 2015 წლიდან მონაწილეობენ. ღონისძიებაზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას იაპონიასა და მის მეზობელ ქვეყნებში.