ტოკიოში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა - დაშავებულია ცხრა ადამიანი
ტოკიოში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევა იაპონიის დედაქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა.
მომხდარის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. სხვა დაშავებულების დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, თავდასხმა სავარაუდოდ ტერორიზმს უკავშირდება.
თავდასხმა ტაკეშიტას ქუჩაზე ახალი წლის დადგომიდან 10 წუთში მოხდა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ახლომდებარე სალოცავისკენ მიემართებოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლი ჯერ მანქანიდან გადმოვიდა, ერთ-ერთ მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გამვლელებს მანქანით დაეჯახა.
ეჭვმიტანილი მომხდარიდან დაახლოებით 20 წუთში დააკავეს.
როგორც მედია წერს, 21 წლის თავდამსხმელმა პოლიციას განუცხადა, რომ მისი საქციელი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის პრაქტიკის გამოყენების გაპროტესტებას ემსახურებოდა.