ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები თამაშების გაუქმებას არ გამორიცხავენ #1TVSPORT
„ტოკიო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა დირექტორმა ტოსირო მუტომ არ გამორიცხა, რომ ოლიმპიური თამაშები, შესაძლოა, გაუქმდეს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კორონავირუსით დაავადდა 71 ადამიანი, რომლებსაც შეხება აქვთ ტოკიოს თამაშებთან.
„ჩვენ არ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ შეიცვლება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. ამიტომაც გავაგრძელებთ მსჯელობას, თუ იქნება ეპიდემიის აფეთქება.
ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე დაყრდნობით, ისევ ჩავატარებთ ხუთმხრივ შეხვედრას. ამ მომენტისთვის კორონავირუსით დაავადების დონე შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, ამიტომაც ვფიქრობთ იმაზე, რა მოვიმოქმედოთ, როცა ასეთი სიტუაცია შეიქმნება“, – მოჰყავს მუტოს სიტყვები Sky Sports-ს.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 23 ივლისისთვის არის დაგეგმილი.