ტოკიო 2020 | ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს, საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით წარსდგება.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით ჩოგბურთის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.ოლიმპიური თამაშების ამ სპორტის სახეობაში შეჯიბრება 24 ივლისს დაიწყება და 1 აგვისტოს დასრულდება. გათამაშდება მედლების ხუთი კომპლექტი.

29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი – საქართველოს პირველი ნომერი, ATP-ის (ჩოგბურთის პროფესიული ასოციაცია) მიერ ჩატარებული ხუთი ტურნირის გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში. დიდი სლემის ტურნირებზე ქართველმა ჩოგბურთელმა საუკეთესო შედეგი 2018 წლის ამერიკის ღია პირველობაზე დააფიქსირა (მე-4 რაუდი).

 

 

ბასილაშვილი მარჯვენა ხელით თამაშობს. კარიერაში გამომუშავებული საპრიზო თანხა 6 097 658 დოლარია. კარიერაში საუკეთესო პოზიცია – მე-16 (27 მაისი ,2019). ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგში 42-ე ნომერია. ქართველი ჩოგბურთელი 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, სადაც იგი პირველივე წრეში დამარცხდა ურუგვაელ პაბლო კუევასთან.

შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ჩოგბურთელის აღმასვლა 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყო, როდესაც ნიკოლოზმა კარიერაში პირველად რეიტინგის ათეულის წევრის დამარცხება შეძლო. ეს მოხდა ვენაში, სადაც მან სამ სეტში ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა. იმავე წლის ბოლოს ნიკოლოზი პირველად მოხვდა ტოპ 100-ში. 2017 წლის დასაწყისში ბასილაშვილმა სოფიის ტურნირის ნახევარფინალში შეძლო გასვლა, ხოლო მისთვის შემდეგ შეჯიბრზე მემფისში, ფინალში იასპარეზა. 2017 წლის როლან გაროსზე ქართველმა მესამე წრეში ითამაშა, რაც მისთვის დიდი სლემის ტურნირებზე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მესამე რაუნდში ნიკოლოზი გრუნტის მეფედ წოდებულ, ესპანელ რაფაელ ნადალთან სამ სეტში დამარცხდა.

2018 წელი ქართველისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ჯერ ავსტრალიის ღია პირველობაზე კარგად იასპარეზა, ხოლო ზაფხულში კვალიფიკაციიდან დაწყებულ ჰამბურგის ტურნირზე შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულადაც მოიპოვა ATP-ის პირველი ტიტული. ნიკოლოზმა ზედიზედ შვიდ მატჩში გაიმარჯვა. ამ წარმატების ხარჯზე მან 81-ე პოზიციიდან 35-ე ადგილზე გადმოინაცვლა და იმ დროიდან ბასილაშვილმა საჩოგბურთო სამყაროში სახელის დამკვიდრება დაიწყო. იმავე წელს დიდ სლემებზე პირადი რეკორდი დაამყარა, როდესაც გავიდა ამერიკის ღია პირველობის მეოთხე წრეში, სადაც კვლავ რაფაელ ნადალთან ოთხ სეტში დამარცხდა. ნიკოლოზმა 2018 წელს მეორე ტურნირის მოგება ოქტომბერში პეკინში შეძლო, სადაც ფინალში მან არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ორ სეტში დაამარცხა. წლის ბოლო კი ქართველმა 21-ე ადგილზე დაასრულა.

2019 წლის დასაწყისში ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე რაუნდში გავიდა, შემდეგ რამდენიმე ჰარდის და თიხის ტურნირზე მხოლოდ 2-3 წრის გავლა მოახერხა. ზაფხულში კი ჰამბურგის ტურნირზე იასპარეზა და 2018 წლის ტიტული წარმატებულად დაიცვა. ნიკოლოზმა ნახევარფინალში გერმანელ საშა ზვერევს სძლია, ხოლო ფინალში რუსი ანდრეი რუბლევი დაამარცხა. 2019 წელი ქართველმა 26-ე პოზიციაზე დაამთავრა.

2020 წელს პანდემიის გამო ნახევრად ჩაშლილი სეზონის შემდეგ ბასილაშვილმა 2021 წელი კარგად დაიწყო და თებერვალში დოჰას ტურნირი მოიგო. ქართველმა ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში დაამარცხა. ეს მისი მეოთხე ტიტული იყო ჩოგბურთის პროფესიული ასოციაციის მიერ ჩატარებულ ტურნირებზე. დოჰას გათამაშების მოგების შემდეგ, ბასილაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა მიუნხენის ტურნირზე და კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო. ფინალში მან გერმანელი შტრუმფი ორ სეტში დაამარცხა. უიმბლდონის დაწყებამდე ქართველმა ჰალეს ტურნირზეც კარგად ითამაშა, სადაც ფინალში გასვლა მოახერხა. შემდეგ იყო მარცხი უიმბლდონზე ბრიტანელ ენდი მარისთან და ჰამბურგის ტურნირიდან პირველივე შეხვედრაში გამოვარდნა. ამ წარუმატებლობით ნიკოლოზს სარეიტინგო ქულები დააკლდა და 29-ე პოზიციიდან 42-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

წლევანდელი სეზონი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ძალიან კარგად მიმდინარეობს, რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ იგი ტოკიოში წარმატებულად იასპარეზებს. იგი ოლიმპიურ თამაშებზე განთესილთა შორისაა, სადაც 16 ჩოგბურთელია, რომელთა შორის ბასილაშვილი მე-15 ადგილს იკავებს – 1) ნოვაკ ჯოკოვიჩი 2) დანიილ მედვედევი 3) სტეფანოს ციციპასი 4) ალექსანდერ ზვერევი 5) ანდრეი რუბლევი 6) პაბლო კარენო ბუსტა 7) ჰუბერტ ჰურკაჩი 8)დიეგო შვარცმანი 9) ფელიქს ოჟიე-ალიასიმი 10) გაელ მონფილსი 11) ასლან კარაცევი 12) კარენ ხაჩანოვი 13) ლორენცო სონეგო 14) უგო უმბერი 15) ნიკოლოზ ბასილაშვილი 16) ფაბიო ფონინი.

ოლიმპიადაზე ჩოგბურთელთა ასპარეზობას Ariake Coliseum-ი უმასპინძლებს. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ერთეულთა თანრიგში 35 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი ჩოგბურთის ჩვენების შემთხვევაში მეოთხედფინალში უნდა ითამაშოს, ხოლო შემდეგ ოლიმპიურ მედლამდე არც ისე შორია.