ტოკიო 2020 | ლუხუმ ჩხვიმიანი ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან იწყებს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ლუხუმ ჩხვიმიანი ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან იწყებს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ქართველებიდან პირველი ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში თავისუფალია, მეორე შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ ჰუსეინოვსა და ნაკლებადცნობილ ბრიტანელ ძიუდოსტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ჩხვიმიანისთვის პირველ დაპირისპირებაში წარმატების შემთხვევაში მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მეტოქე იაპონელი ტაკატო უნდა იყოს, რასაც გამართლებას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. აღსანიშნავია, რომ ლუხუმი 2019 წელს ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია და ოლიმპიური ოქროს გზაზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

შეგახსენებთ,რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას ლუხუმ ჩხვიმიანის გარდა კიდევ რვა ძიუდოისტი შეეცდება: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ყველა წევრს აქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების რეალური შანსი, რასაც ძიუდოს საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ. მათი მოსაზრებით საქართველოს ასეთი ძლიერი შემადგენლობით ოლიმპიადებზე არასდროს უასპარეზია. ქალებში კი ახალგაზრდა ეთერ ლიპარტელიანისგან ველოდებით საუკეთესო გამოსვლას, ისევე როგორც ტატიანა ლევიცკა-შუკვანისგან.

ძიუდოისტები ოლიმპიადაზე 24-31 ივლისს იასპარეზებენ. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 386 სპორტსმენი. გათამაშდება მედლების 15 კომპლექტი. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრების დასაწყისი 06:00, ფინალური ბლოკი – 12:00 საათზე.