ტოივო კლაარი - ჟენევაში მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის წინ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, ეს ყველას გაცნობიერებული აქვს
ტოივო კლაარი - ჟენევაში მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის წინ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, ეს ყველას გაცნობიერებული აქვს

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის, ტოივო კლაარის განცხადებით, სიტუაცია ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის წინ საკმაოდ დაძაბულია, თუმცა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იმედის გამოთქვამს, რომ მხარეები სერიოზული დისკუსიისთვის მზად არიან.

რაც შეეხება მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის ერთ-ერთ მთავარ თემას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეების აზრით, ზოგადად დაკავების შემთხვევები აღარ უნდა მოხდეს.

„სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ეს ყველას გაცნობიერებული აქვს. ფაქტია, რომ ჟენევის დისკუსიას წლების განმავლობაში საკმაოდ მცირე შედეგები აქვს. ჩვენ გვქონია უფრო რთული და ნაკლებად მძიმე მომენტებიც. ახლა ბუნებრივია, შედარებით რთული მომენტია. ის ფაქტი, რომ ექიმი გაფრინდაშვილია დაკავებული, არის მორიგი მაგალითი, რომ წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის დაკავების ფაქტით ბევრი სამწუხარო ინციდენტი გვქონდა. ჩვენ ამაზე სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. მინდა, ამის იმედი მქონდეს. ასევე, აგვისტოში წნელისთან განვითარებული მოვლენების შემდეგ არის თანხმობა და ინტერესი ყველა მონაწილის მხრიდან იმისა, რომ სერიოზული დისკუსია იყოს. ჩემი და თანათავმჯდომარეების პოზიცია ასეთია, რომ არა მხოლოდ ექიმ გაფრინდაშვილის, არამედ დაკავების ყველა შემთხვევა დროულად უნდა გადაიჭრას და ხალხი არ უნდა იყოს დაკავებული“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები უკვე იკრიბებიან გაერო-ს ოფისში. დღეს მხარეები ტექნიკურ შეხვედრებს გამართავენ და დღის წესრიგზე შეთანხმდებიან, მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი კი, ხვალ გაიხსნება.

დატოვე კომენტარი