ტოივო კლაარი - ჟენევაში ყველა რთული საკითხი იქნება განხილული
ტოივო კლაარი - ჟენევაში ყველა რთული საკითხი იქნება განხილული

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიის 48-ე რაუნდზე საუბარი შეეხება ყველა მწვავე და მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის იმ ახალ შეზღუდვებსაც, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწესებს. ტოივო კლაარი იმედს გამოთქვამს, რომ რაუნდი შედეგიანი იქნება და მხარეები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობას მოახერხებენ.

რაც შეეხება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრების აღდგენას, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჯგუფის მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მოხერხდება.

„ვიკრიბებით იმ იმედით, რომ ამ რაუნდზე განხილული იქნება ყველა რთული საკითხი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამ რაუნდით სარგებელი მივიღოთ და ადგილებზე ვითარება სრულად მოვიცვათ. ჩვენ გვჯერა, რომ ინციდენტთა პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფების არსებობა მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია მათი გამოყენება, რადგან ისინი შეიქმნა არსებულ ვითარებაზე დისკუსიისთვის, უსაფრთხოების აქტორების ერთად შეკრებისა და დაძაბულობების მოხსნისთვის, რადგან გვჯერა, რომ საჭიროა, მათი განახლება“, – აღნიშნა ტოივო კლაარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი იმართება.