ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს გაიმართება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესებას ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღევანდელ რაუნდზე დააყენებს.

უწყების წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, გარდა ამისა, საქართველოს დელეგაცია ყველა იმ საკითხის მწვავედ და მკაფიოდ დასმას აპირებს, რომელიც წინა რაუნდების დღის წესრიგის მთავარ ნაწილს შეადგენდა.

„საქართველოს დელეგაცია აპირებს ყველა იმ საკითხის მწვავედ და მკაფიოდ დასმას, რომელიც აქამდეც იცით, რომ ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდების დღის წესრიგის მთავარ ნაწილს შეადგენდა. ეს გახლავთ გამალებული დემილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია და იქ არსებული მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფონი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც, დაკეტილია ენგურის ხიდი, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ არსებულ ვითარებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულია საკითხები დევნილების უსაფრთხო, უპირობო დაბრუნებასა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე.

„ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს თავისი კონკრეტული დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგში ძალიან ბევრი საკითხია, მათ შორის უფრო ზოგადი საკითხებიც. და მათ შორისაა ჩვენი დევნილების უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება და რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 2018 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე საუბარი. ამიტომ, კომისია აგრძელებს მუშაობას. ეს არის 48-ე რაუნდი, სადაც კიდევ ერთხელ აქტიურად დაისმება ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების საკითხი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.