ტოჩინოშინმა აკი ბაშო მარცხით დაიწყო (ვიდეო)

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ტოკიოში განახლდა სუმოს ტრადიციული სუპერტურნირი.

„აკი“ იგივე შემოდგომის ბაშო, კვლავ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ ტარდება და გულშემატკივრების დასწრება შეზღუდულია. შეჯიბრების დაწყებამდე გაირკვა რომ ტრავმების გამო ტურნირზე არ იქნებოდნენ იოკოძუნები, ჰაკუჰო და კაკურიუ. აკი ბაშოს ასევე ტოვებენ „ტამანოი ბეიას“ რიკიშები, აღნიშნულ სუმოს კლუბში კოვიდ 19-ის შემთხვევები დაფიქსირდა.

სუპერტურნირის გახსნის დღეს, ტოჩინოშინის პირისპირ მე-5-ე მაეგაშირა კირიბაიამა დადგა. ლევან გორგაძემ, რომელიც ბაშოზე მე-4-ე მაეგაშირას რანგითაა წარმოდგენილი, პერსპექტიულ მონღოლთან საწყისი შეტაკებისთანავე მისთვის უხერხულ პოზიციაში აღმოჩნდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-3-ე მაეგაშირა , მსუბუქწონოსანი ტეროცუიოში იქნება, რომელსაც ქართველი მებრძოლი კარიერაში ერთადერთხელ შეხვდა და დამარცხდა.

რანგში დასაწინაურებლად ლევან გორგაძეს აკი ბაშოზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.