ტოჩინოშინისა და გაგამარუს მორიგი გამარჯვებები აკი ბაშოზე - მეშვიდე დღე [ვიდეო]
ტოჩინოშინისა და გაგამარუს მორიგი გამარჯვებები აკი ბაშოზე - მეშვიდე დღე [ვიდეო]

გუშინდელის მსგავსად,  ტოკიოში მიმდინარე „აკი ბაშოზე“ დღესაც ორივე ქართველმა მოიგო. ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი სეკივაკე -იჩინოჯო იყო. ქართველმა ფალავანმა, პირველი ჩავარდნილი სტარტის შემდეგ, მეორე ცდაზე ჩავლება თავიდანვე აიღო, შემდეგ მეტოქე მიაწვა, მაგრამ ლევანმა თავი კარგად დაიცვა. ტოჩინოშინმა ამის შემდეგ  შეტევა თავად წამოიწყო და საბოლოოდ ირიკირის ილეთით მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ, ტოჩინოშინი მოგება-წაგებათა ბალანსი 5-2-ზე გაუხდა და მიზანს, ანუ ოძეკის ტიტულის შენარჩუნებას, მიუახლოვდა. ამისთვის დარჩენილი რვა ორთაბრძოლიდან, სამის მოგება სჭირდება.

ხვალ – ბაშოს მერვე დღეს, ლევან გორგაძეს იაპონელი ოძეკი- გუედო შეხვდება და მიმდინარე ბაშოზე ეს ოძეკების პირველი დაპირისპირება იქნება.

დღესვე დარბაზში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. სპორტსმენთა წარდგენის დროს ლევან გორგაძეს ახალი სპეციალური სამოსი ეცვა, რომელზეც საქართველოს დროშაც არის გამოსახული.

დღესვე თავისი შეხვედრა თეიმურაზ ჯუღელმაც მოიგო, „ჯურიუ“ დივიზიონში გაგამარუ მერვე მეაგაშირა – ცურუგიშოს დაუპირისპირდა და შვიდი ორთაბრძოლიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.