ტობი ალდერვეირელდი - ძეგლი არ დამიმსახურებია და ვერც ვერასოდეს დავიმსახურებ
ტობი ალდერვეირელდი - ძეგლი არ დამიმსახურებია და ვერც ვერასოდეს დავიმსახურებ

ბელგიის ნაკრებისა და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მცველი ტობი ალდერვეირელდი ქალაქ ანტვერპენში მისი ძეგლის დადგმის იდეას გამოეხმაურა.

„ეს დიდი პატივია ჩემთვის, მაგრამ ასეთ პეტიციას ხელს არ მოვაწერდი. ვფიქრობ, ვინც მოაწერა, მათგან 80% ჩემი მეგობრები არიან. არა მგონია, ოდესმე დავიმსახურო ძეგლი“, – მოჰყავს ფეხბურთელის სიტყვები გაზეთ „სანს“.

შეგახსენებთ, რომ ბელგიაში გაჩნდა მოსაზრება, მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლის ადგილას ტობი ალდერვეირელდის ძეგლი დაიდგას.

ლეოპოლდ II-ის პიროვნების შესახებ ბელგიასა და მსოფლიოში დიდი ხანია დავა მიმდინარეობს. ის 1865-1909 წლებში მეფობდა და ცნობილი იყო იმით, რომ აფრიკაში აგრესიულ კოლონიურ პოლიტიკას ატარებდა. ზოგიერთი მონაცემებით, მის მმართველობას დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.