ტირანაში აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისის კარს სკამები ესროლეს, ქუჩები ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით გადაკეტეს, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება.
მომიტინგეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისის კარს სკამები ესროლეს. დემონსტრანტები ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. სკამები, თავად პრემიერ-მინისტრის გადაწვეტილებით, სიმბოლურად ოფისის გარეთ დიალოგის წახალისების მიზნით დაალაგეს.
როგორც მედია წერს, მომიტინგეები ქუჩებს ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით კეტავენ. პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს.
ოფიციალური მონაცემებით, პროტესტის პირველი ექვსი დღის განმავლობაში 295 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 186 პოლიციელი.
სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. მათი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია ალბანეთის სანაპიროს ტერიტორიების გაყიდვა კურორტის ასაშენებლად. „როიტერის“ ცნობით, კურორტის მშენებლობის პროექტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უჭერს მხარს.