თინათინ რუხაძე - კულტურის სამინისტრო თემურ ჩხეიძის სახელოსნოსთან დაკავშირებულ საკითხში საერთოდ არ ჩარეულა
თინათინ რუხაძე - კულტურის სამინისტრო თემურ ჩხეიძის სახელოსნოსთან დაკავშირებულ საკითხში საერთოდ არ ჩარეულა

თეატრალურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პრაქტიკულად, მედიაციის როლიც იკისრა გარკვეულ თემებში, სიმძიმეებში, მათ შორის სტუდენტების თემაშიც, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„თეატრალურ უნივერსიტეტში რომ მივედი, რამდენიმე დღეში იყო რექტორის არჩევნები და ამ რვა თვეში ვნახე, რომ ვიღაც რექტორად არ ვარგა, იმად არ ვარგა და ა.შ. მარტო იყო ეს ადამიანი რექტორის არჩევნებში, მარტო მონაწილეობდა და თუ ვინმე სხვას უნდოდა რექტორობა და სხვანაირი თეატრალური უნივერსიტეტი უნდოდათ, შეეტანათ განაცხადი“, – განაცხადა რუხაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო თემურ ჩხეიძის სახელოსნოსთან დაკავშირებულ საკითხში საერთოდ არ ჩარეულა.

„ნამდვილად გენიოსი ადამიანი იყო ბატონი თემურ ჩხეიძე, მადლობა ღმერთს, რომ ჰყავდა საქართველოს თეატრს და თეატრალურ ხელოვნებას ასეთი ადამიანი. საერთოდ არ შევდივარ ამ თემაში, ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მას. ეს იყო მისი, როგორც პედაგოგის სახელოსნო, მისი მეთოდით სწავლება. მოხდა ისე, რომ თეატრალურმა დააფუძნა მისი სახელოსნო, წლები ასწავლიდა და ყველა ბედნიერი ვიყავით. მოხდა ისე, რომ ის აღარ არის, რაც არის ძალიან მტკივნეული და შესაძლებელია, მე არ ვიცი, რატომ აღმოჩნდა ისე, რომ სხვა ადამიანები დარჩნენ იქ. როგორც მეუბნებიან, იქ არ იყო გაწერილი არც სილაბუსი, არც მეთოდი, არც ვინ რას ასწავლიდა, არავისთან ეს არ იყო შეთანხმებული. ასობით ათასი ლარი გადიოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პრაქტიკულად, კერძო თეატრის მიზნებზე და შეფუთული იყო, როგორც სახელოსნო. კულტურის სამინისტრო საერთოდ გაკარებაში არ იყო. თვითონ შეიკრიბა ეს საბჭო თუ გამგეობა და ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თვითონვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ იქ იყო ფინანსური კითხვები და ორი გზა ჰქონდათ, როგორც მე მითხრეს. ერთი გზა იყო ლიკვიდაციაზე წასვლა და მეორე გზა იყო ფინანსური აუდიტი. თვითონვე მიხვდნენ, ფინანსური აუდიტი რომ დავიწყოთ, უარეს ესკალაციაში შევალთ, იმიტომ, რომ დარვევებიაო, დაალიკვიდირეს და ის ასიგნებები დარჩა თეატრალურ უნივერსიტეტს თავისი მიზნებისთვის. იქვე გააკეთონ ის სახელოსნო, თუ ძალიან უნდათ, რა საჭიროა ცალკე ორგანიზაციის დაფუძნება? არც ფული წაგვირთმევია და არაფერი არ გაგვიკეთებია, იმ საბჭოში თუ გამგეობაში ასევე ძალიან პატივსაცემი ადამიანები არიან. იცით, რა არის? ჭიქას ახლა საიდანაც გინდა, იქიდან მიაბამ ყურს. სადაც არის ჩვენი გადაწყვეტილება და ლეგიტიმურია ეს გადაწყვეტილება, გეუბნებით, რატომ არის, მაგრამ სადაც ვიღაცის გადაწყვეტილებაა, როგორ? დე იურე ჩვენ ვერ შევალთ თეატრალური უნივერსიტეტის მაღალი ლეგიტიმაციის სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი აქვს თეატრალურ უნივერსიტეტს“, – განაცხადა რუხაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მოეწონა თუ არა მას ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ის კომისიის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.

„მე არ მომეწონა, რომ კონსერვატორიაში გასაუბრების არამაპროფილებელ, არამედ მეორად ეტაპში ქულები არ ეყოთ ბავშვებს, ერთი ქულა, ქულა-ნახევარი დააკლდათ და ვთხოვეთ კონსერვატორიას, შუამდგომლობა დავწერე, რომ ბევრი სტუდენტი გვინდა სახელოვნებო სფეროში. მე თვითონ დავწერე შუამდგომლობა, მაგრამ იქაურმა აკადემიურმა საბჭომ არ დაუშვა განმეორებითი გასაუბრების ჩატარება და რა გავაკეთო, ზეწოლა მოვახდინო? ხომ ვერ მოვახდენ? ასევე ვერ მოვახდენ აქ. საღად ვმსჯელობთ, ასეთია უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, სრული დამოუკიდებლობა აქვთ. რასაკვირველია, ჩვენ ვმსჯელობთ, ვცდილობთ, ყველაფერს ვაკეთებთ და ვმუშაობთ განვითარებაზე, ერთობლივად რაღაც პროექტებზე. შეიძლება, ვთხოვოთ, რომ მეტი აქტიურობა ჰქონდეთ, მაგრამ თემასაც ვერ მივცემთ. ვეუბნებით, გახსენით დამატებითი ფაკულტეტები. კვლევაა ჩატარებული, რომ დრამატურგებს არ ვზრდით და კინოსცენარისტებს თეატრალურში. ამას სჭირდება დრო, რომ დაწერონ, მოიკვლიონ, როგორ გააკეთონ, სილაბუსი შეიმუშაონ, ადამიანი იპოვონ, ვინც ასწავლის და ა.შ., ხომ? ბევრი თემაა, განათლების სამინისტროსთან ხარისხთან არის შესათანხმებელი რაღაც თემები და ა.შ. ჩემ სივრცეში, არც კერძოში და არც სახელმწიფოში, ჩემს არცერთ ზემდგომს არ მიუცია თავისთვის ამის უფლება და საკუთარ თავს ამას არ ვაკადრებ, რომ უკადრებელი დავალებით დავრეკო ადამიანთან“, – განაცხადა რუხაძემ.