თინათინ ბოკუჩავა - მთავარია, ვლადიმერ პუტინის მუქარაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი რა იქნება 
თინათინ ბოკუჩავა - მთავარია, ვლადიმერ პუტინის მუქარაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი რა იქნება 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მსგავსი სახის მუქარა პირველად არ გამოუთქვამს, მთავარია, საქართველოს ხელისუფლების პასუხი რა იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო რესურსს მაქსიმალურად არ იყენებს იმისთვის, რომ ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარდეს.

„პუტინმა ეს მუქარა პირველად არ გააჟღერა. ღიად აქვს ნათქვამი, რომ 2008 წელს მას საქართველოში ომი რომ არ დაეწყო, ქვეყანა ნატო-ს წევრი უკვე იქნებოდა. აქ მთავარია, საქართველოს ხელისუფლების პასუხი რა იქნება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ომს საქართველოს აბრალებს, რომელიც თავის პოზიციებში პრინციპული არ არის და, რომელიც საერთაშორისო რესურსს მაქსიმალურად არ იყენებს, რომ ჩვენი ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარდეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

„ამისთვის საჭიროა, ამ მთავრობის შეცვლა და საქართველოს ხელისუფლების სათავეში ისეთი მართლაც პროდასავლური და პროაქტიური ჯგუფის მოსვლა, რომელიც პუტინის პოზიციის მოუხედავად, შეძლებს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ქვეყანა ნატო-ში გააწევრიანოს და ამით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და წინსვლა უზრუნველყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ  რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება. „ჩვენთვის ეს არის პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.