თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვნად მიმაჩნია მაქსიმალური პოლიტიკური კონსოლიდაცია, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ
მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მაქსიმალური პოლიტიკური კონსოლიდაცია, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსოლიდაცია.
„პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია, საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსოლიდაცია, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა. მათ შორის, ძალიან აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან ამ კრიტიკულ ფაზაში, რათა მუდმივად გვქონდეს კავშირი ჩვენს თანამოქალაქეებთან. მათთან, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის და, რიგ შემთხვევაში, სიცოცხლის ფასად დგას რუსთაველის გამზირზე ევროპული მომავლის გადასარჩენად. ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა თუ ერთეული პოლიტიკოსი და, ბუნებრივია, პრეზიდენტი, რომელიც მთავარი მედროშეა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, მაქსიმალურად უნდა ვმუშაობდეთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხი, ეს არის ეგზისტენციალური მომენტი საქართველოსთვის, მისი სახელმწიფოებრიობისთვის და ამიტომ უმაღლესი მთავარსარდლის პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის რიგი საკითხები, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ჩამოვყალიბდეთ, მათ შორის, მეც პირადად აუცილებლად უნდა გავიარო კონსულტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოსთან, რადგან ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენ სწორედ ამ სათათბირო ორგანოში ვიღებთ. ზოგადად, მე მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, რომ მაქსიმალური პოლიტიკური კონსოლიდაცია მოხდეს ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არის გადასარჩენი რუსული რეჟიმისგან“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.