თინათინ ბერძენიშვილმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის შეხვედრა გახსნა
თინათინ ბერძენიშვილმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის შეხვედრა გახსნა

ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენდერული თანასწორობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა.

ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც 13 ოქტომბერს გაიმართა, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გენდერული თანასწორობის ხედვა (2030 წლამდე) საზოგადოებრივ მედიაში, 50:50 ქალების და კაცების ბალანსის მიღწევა ორგანიზაციის ყველა ნაწილში, ქალების წარმოჩენა და წახალისება ტექნოლოგიებში და ტექნიკურ პოზიციებზე და ა.შ. ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: გენდერული თანასწორობა, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი. პანელში მონაწილეობა მიიღეს: თინათინ ბერძენიშვილმა, ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა – ჟან-პოლ ფილიპოტმა, ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა – ფრედერიკ ლიფლენგმა და ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა სტეფან ერიკსონმა. პანელურ დისკუსიას მოდერაცია გაუწია EBU-ის მრავალფეროვნების ოფიცერმა ფრანჩესკა სკოტმა.

„მადლობა ყველა ორგანიზაციას და მის წარმომადგენელს, რომელიც ჩაერთო შეხვედრაში, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად სრულიად განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობისა, EBU მუშაობს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სრულად პასუხობს იმ საერთო ექვსი ღირებულებიდან ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ღირებულებას – მრავალფეროვნებას. საზოგადოებრივ მედიასაშუალებებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებაზე გავლენის მოხდენისა და მათი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ხელიდან არ უნდა გავუშვათ და დროულად უნდა გამოვიყენოთ ყოველი შესაძლებლობა, რომ გავხდეთ თანასწორობის მიღწევისთვის მიმართული ცვლილებების ნაწილი. საზოგადოებრივი მაუწყებლები ქმნიან გენდერულად დაბალანსებულ სამუშაო გარემოს და ძლიერ როლურ მოდელს ქალებისთვის მედიაში“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს.