თინათინ ბერძენიშვილი - თუ გვინდა, ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ინფორმაცია ნამდვილი იყოს
თინათინ ბერძენიშვილი - თუ გვინდა, ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ინფორმაცია ნამდვილი იყოს

გვაქვს პრეტენზია, რომ 1tv.ge ყველაზე გადამოწმებული ამბების პლატფორმა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას ამტკიცებს ყველა პლატფორმით და ყველა ნაბიჯით. გუშინწინ ჩავუშვით antifake.1tv.ge და უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს. თუ გვინდა, ჩვენი მომავალი ნამდვილად ჰგავდეს მომავალს და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ინფორმაცია ნამდვილი იყოს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე წაკითხული თუ მის ეთერში მოსმენილი ინფორმაცია აუცილებლად არის ორჯერ ან სამჯერ გადამოწმებული. მისივე თქმით, მომხმარებელმა თავად უნდა აირჩიოს ორი ან სამი წყარო, სადაც თვითონ მოახდენს ლავირებას.

„ადამიანი უნდა ეცადოს, რამდენიმე წყაროთი გადაამოწმოს ინფორმაცია, მერე მიიღოს პრეპარატი, მერე გადავიდეს დიეტაზე და ა.შ.

უფრო და უფრო ხშირად მესმის – თქვენს ინფორმაციას ვენდობი, რაც გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენთვის მხოლოდ ბენეფიტია. ჩვენი სლოგანი – გადაამოწმეთ ჩვენთან, ჯდება ყურში და ეს არ არის უბრალოდ სიტყვა, რომ დღეს დავწერე და ხვალ სხვა სლოგანს მოვიფიქრებ. ეს არის კონცეფცია და სტრატეგია. ამ არხზე ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სანდო ვიყოთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.