თინათინ ბერძენიშვილი - ტექნოლოგია ქმნის ახალ პლატფორმებს, სადაც მომხმარებელს საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად უნდა დახვდეს, ვიწყებთ დისტრიბუციის ძალიან მძლავრ სტრატეგიას
თინათინ ბერძენიშვილი - ტექნოლოგია ქმნის ახალ პლატფორმებს, სადაც მომხმარებელს საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად უნდა დახვდეს, ვიწყებთ დისტრიბუციის ძალიან მძლავრ სტრატეგიას

პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გავრცელების ახალი გზების პოვნა ყველა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის აქტუალური თემაა. სწორედ ამას ემსახურება გავრცელების ახალ სტრატეგიაზე მუშაობა, რომელშიც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები არიან ჩართული.

როგორც თინათინ ბერძენიშვილი აღნიშნავს, სიახლე არ არის, რომ შეიცვალა როგორც მედიამოხმარება, ასევე თავიდან ბოლომდე შეიცვალა თავად მედიაც. მისივე თქმით, ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე მომხმარებელს საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად უნდა დახვდეს.

„ერთი მხრივ, ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვა მრავალფეროვან გარემოში სიახლის მუდმივ შეთავაზებას გულისხმობს, მეორე მხრივ კი, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგია ქმნის ახალ პლატფორმებს, სადაც მომხმარებელს საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად უნდა დახვდეს. ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტი, როგორ უნდა მივწვდეთ ახალგაზრდა თაობას, რომელიც საერთოდ აღარ მოიხმარს ტელევიზორს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ამის აღიარება, ეს უკვე გაცხადებული ფაქტია. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, მათ შორის, ვალდებულებაც, დაფაროს ყველა ასაკობრივი ჯგუფი, მათ შორის, 18-24, რომელიც არ არის აქტიური ტელემაყურებელი, თუმცა ძალიან აქტიურია მედიამოხმარების თვალსაზრისით. საკმაოდ დიდი ხანია, დავიწყეთ ფიქრი, დისტრიბუციის როგორი სტრატეგია გვაქვს. ჩვენი შინაარსი, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან განსხვავებულია, მით უფრო, ბოლო წლებში, ძალიან შეიცვალა; ყველა გამოკვლევით ვიღებთ შედეგებს მოსახლეობისგან, რომ, დიახ, ვუყურებთ ამა თუ იმ გადაცემას, თუმცა ხშირად ამას არ ასოცირებენ პირველ არხთან. ამიტომ ვიწყებთ ძალიან მძლავრ ახალ სტრატეგიას, რომელსაც დისტრიბუციის სტრატეგია ჰქვია“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში არა მხოლოდ საქართველოს პირველი არხი, არამედ ევროპის მაუწყებელთა კავშირი და მისი წევრი მედიაორგანიზაციებია გაერთიანებული.

„ახლა ეს ჯგუფი საქართველოს ესტუმრა, თუმცა მანამდე იგივე ჯგუფი მუშაობდა სკანდინავიის ქვეყნებში, ბრიტანეთში და ევროპის მაუწყებელთა კავშირის დიდ ქსელში. ჩვენ პატარა სამუშაო ჯგუფი გვაქვს შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა რგოლიდან და ჩამოსულ ექსპერტებთან ერთად, გვაქვს ონლაინსაუბრები ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ყველა ლიდერთან, ვინც უკვე ჩამოაყალიბა ეს სტრატეგია. ჩვენც ვიქნებით შემდეგი ქვეყანა. მაყურებლისთვის რაც იქნება მნიშვნელოვანი, ვემზადებით და უკვე მაისში ჩვენი ახალი VOD პლატფორმა ჩაეშვება. ვფიქრობ, მაყურებელს შევუქმნით ახალი მედიის, ციფრული მედიის ძალიან შთამბეჭდავ მრავალფეროვან კონტენტს, მასში მოგზაურობის შესაძლებლობას. რაც მთავარია, მათზე მორგებულს, ინკლუზიურსა და საინტერესოს, რადგან ყველაფერი საუკეთესო, რასაც პირველი არხი აკეთებს, თავს მოიყრის ამ პლატფორმაზე“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი გავრცელების სტრატეგიაზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები – ტრანსფორმაციის სერვისის ხელმძღვანელი საშა სკოტი და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.