თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. საქართველოს პირველი არხი პერმანენტულად აცხადებს სტაჟირების პროგრამებს, რომელთა ხანგრძლივობა, ცალკეული მიმართულებების ამოცანების მიხედვით, საშუალოდ სამიდან ექვს თვემდეა.

პირველი არხის მიზანია, ღია გახადოს ინტელექტუალური რესურსი დამწყებთათვის და მისცეს მათ ცოდნა მედიის სფეროში. ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში 35 ახალგაზრდა გადის სტაჟირების პროგრამას, ისინი სხვადასხვა მიმართულებით არიან განაწილებული – სოციალური მედიის მენეჯერები, კორესპონდენტები, ოპერატორები, პროდიუსერის ასისტენტები, მემონტაჟეები.

პირველი არხი, რამდენიმე უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს როგორც სტუდენტებისთვის სტაჟირების შეთავაზების, ასევე სასწავლო აქტივობებში მათი ჩართულობის კუთხით. 2021-2022 წლებში 100 სტუდენტი სხვადასხვა სასწავლებლიდან ჩაერთო პირველი არხის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კლასებსა და კონფერენციებში.

„შარშან დავიწყეთ სტაჟირების აქტიური პროგრამა, მანამდე პანდემიის გამო ვერ შევძელით. შევქმენით აბსოლუტურად ახალი ჩარჩო, კარგად ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები სტაჟირების პროგრამისთვის. რაც მთავარია, მივიღეთ ძალიან ბევრი ადამიანი. 150-მა ახალგაზრდამ გაიარა სტაჟირება ჩვენს ორგანიზაციაში, რაც ძალიან ბევრია ერთი წლისთვის. რაც ყველაზე მეტად მახარებს, არის ის, რომ მათგან 30 დღეს ჩვენი თანამშრომელია. ასეთი სტატისტიკა აქამდე არ გვქონია. გარდა ამისა, რა სასწავლო რესურსიც ჩვენ გვაქვს, ამას ვუზიარებთ ახალ თაობას. მნიშვნელოვანია, რომ ახალ თაობას საზოგადოებრივ მაუწყებელში მოხვედრის და დასაქმების ძალიან დიდი სურვილი აქვს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  საზოგადოებრივ მაუწყებელში ნიჭიერი ადამიანები მოვიზიდოთ და უფრო მეტად შემოქმედებითი და წარმატებული იყოს ჩვენი ორგანიზაცია“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

2021-2022 წლებში პირველი არხის სტაჟირების პროგრამაში 150-მდე მსურველმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს წარმატებული სტაჟიორების ვაკანტურ პოზიციებზე დასაქმების განხილვის შესაძლებლობას. წარმატებული სტაჟირების გავლის შემდეგ, წლის დასაწყისში ორგანიზაციაში 30 სტაჟიორი დასაქმდა.