თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი პასუხისმგებლობით ფიქრობს, სად არის ჩვენი როლი, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ვეცადოთ, საზოგადოებაში საღი აზრი იყოს დომინირებული
თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი პასუხისმგებლობით ფიქრობს, სად არის ჩვენი როლი, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ვეცადოთ, საზოგადოებაში საღი აზრი იყოს დომინირებული

რეალურად, თითქოს ვდგავართ სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების წინაშე, საზოგადოება ძალიან გახლეჩილია, არის ხოლმე მომენტები, როდესაც რაღაც ტრაგედია გვაერთიანებს, მაგრამ მეორე წუთში იწყება ისეთი პოლარიზება, რომ საშიში ხდება ერთად თანაცხოვრება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები უფრო ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ, როგორც ძალადობა ადამიანზე.

„ნამდვილად ძალიან რთული და მძიმე დღეა, დღე კი არა, მთლიანად კვირა. ეს არ არის პათეტიკა. 5 ივლისიდან ნამდვილად ძალიან რთული იყო და რაღაც ნაწილში უპრეცედენტო. დასრულდა იმით, რაც გუშინ მოხდა. ეს ტრაგედიაა არა მხოლოდ მედიისთვის. მანამდეც არაერთხელ ვთქვი, რომ რაც მოხდა, ძალადობა ჟურნალისტებზე, ეს არის ძალადობა ადამიანზე. მხოლოდ მედიის ჭრილში ამაზე საუბარი, ვფიქრობ, უფრო ვიწროა. ამას უფრო ფართო სპექტრი სჭირდება. უბრალოდ, არ მეგულება ადამიანი და არ მინდა მჯეროდეს, რომ ასეთი არსებობს, რომ გუშინდელ დღეს ასე მძაფრად არ აღიქვამდეს და ტრაგედია არ იყოს მისთვის, რაც მოხდა. მე ასე მინდა, რომ მჯეროდეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, 5 ივლისის ძალადობას არაფერი ამართლებს.

„მედიის როლი ზოგადად, ძალიან რთულია, რადგან დღის წესრიგი პირობითად მედიისთვის კი არ იცვლება, არამედ ხშირად მედია არის დღის წესრიგის შემცვლელი. გუშინ ძალიან ბევრი დისკუსია იყო, მათ შორის, რა შეიძლება ყოფილიყო შედეგი და ა.შ. ერთი რამ მინდა, ვთქვა: 5 ივლისის ძალადობას მაინც არაფერი ამართლებს და ის არაფრით შეიცვლება, როგორი შედეგიც, შემდგომში რაც არ უნდა ვიხილოთ. თუ ამაზე ჩვენ, როგორც საზოგადოება, არ შევთანხმდებით და რაღაცას არ დავარქმევთ თავის სახელს, ძალიან გაგვიჭირდება და რომ გვიჭირს, ეს ჩანს რეალურად. დრამატიზებას ნამდვილად არ ვახდენთ, მაგრამ რეალურად ვდგავართ სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების წინაშე. საზოგადოება ძალიან გახლეჩილია, თითქოს არის ხოლმე მომენტები, როდესაც რაღაც ტრაგედია გვაერთიანებს, მაგრამ მეორე წუთში იწყება ისეთი პოლარიზება, რომ რეალურად საშიში ხდება ერთად თანაცხოვრება“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნიკალური როლი აკისრია.

„მე გუშინაც ვთქვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ნამდვილად უნიკალურია, რადგან ჩვენ არ ვემსახურებით საზოგადოების თითო წევრს. მისი ფუნქცია აბსოლუტურად განსაკუთრებულია, გარკვეული სარედაქციო ნაბიჯების გადადგმაში ისევ და ისევ ერთობა გვჭირდება, რაღაც ნაწილში ხედვა. საზოგადოების სახელით ძალიან რთულია პოზიციონირება, რადგან ჩვენ რეალურად კარგად არ ვიცით, რა უნდა საზოგადოებას. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ, რომ შეთანხმება მოგვიწევს. შეთანხმება იმაზე, რომ დიახ, 5 ივლისს რაც მოხდა, არის ძალადობა, მას გამართლება არ აქვს, წინა და უკანა პირობები არ სჭირდება, არც წინა გამომწვევი და არც შემდეგ რაღაც მიზეზების ძიება. ამიტომ ისევ ისეთივე რთული იქნება. არ მგონია, რომ მარტივად დასრულდება, მარტივად იქნება ყველაფერი. თუმცა, ამაზე დაგვჭირდება საუბარი. საზოგადოებრივი მაუწყებელიც ფიქრობს, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვფიქრობთ, სად არის ჩვენი როლი, როგორია ჩვენი მისია და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვეცადოთ, საზოგადოებაში საღი აზრი იყოს დომინირებული“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების სოლიდარობა ჟურნალისტიკისთვის და რამდენად შეიძლება, ჟურნალისტიკას ზურგი გაუმაგროს საზოგადოების დამოკიდებულებამ და სოლიდარობამ, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში მედია ნამდვილად სოლიდარული იყო და მნიშვნელოვანია, მაში საზოგადოების ჩართვაც, თუმცა შემდეგ სოლიდარობის ცნების ნიველირება არ უნდა მოხდეს.

„ნამდვილად სოლიდარული იყო მედია. მით უმეტეს, ოპერატორების ჯგუფი. ვინც დიდი ხანია, ტელევიზიაში ვმუშაობთ, დამეთანხმებით, განსაკუთრებულად სოლიდარული, შეკრული ჯგუფია და ამ შემთხვევაში ყველა ერთმანეთის თანაზიარია. რა თქმა უნდა, „ტვ პირველის“ შემთხვევაში, რადგან იქ მუშაობდა ლექსო, ერთმნიშვნელოვნად ყველა სოლიდარულია და უსამძიმრებს. მაგრამ ზოგადად მგონია, რომ ვინც მედიაში მუშაობს, ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო ეს ტკივილი და ეს დღე. სოლიდარობას რაც შეხება, ერთია, რომ ჩვენ, ჟურნალისტები სოლიდარობას ერთმანეთს ვუცხადებთ. მეორეა საზოგადოებაც როგორ ჩავრთოთ ამ ყველაფერში. რეალურად ყველა ბევრს ვკითხულობდით, ვეცნობოდით, მე შეხვედრებიც მქონდა სხვადასხვა ჯგუფთან, სადაც განსხვავებული აზრიც არის და ამ განსხვავებული აზრის მოსმენა, მიღება და თუ ვთვლით, რომ არის საღი აზრი, ამ აზრზე დათანხმება. ამ შეთანხმებაზე ვსაუბრობ, სადაც ერთი წერტილიც მაინც გვაქვს საერთო, რომელზეც არ შეიძლება, ვიკამათოთ და როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვით, რაღაც წინაპირობები ან შემდეგ გამართლებები იყოს. სხვანაირად, უბრალოდ ვერ განვვითარდებით. ძალიან კარგი სიტყვაა სოლიდარობა, მაგრამ რაღაც მერე ფუჭ ნაწილში არ უნდა გადავიყვანოთ, რომ მისი ნიველირება არ მოვახდინოთ. ამას ვგულისხმობ. ძალიან ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ფიქრით და სიტყვით, ძალიან კარგად საფიქრალია, რა არის შემდეგი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქსიმალურად ცდილობს და ეცდება, რომ ყველა თემა იყოს შემრიგებლური.

„თუ შეიძლება, რაღაც დილემა დავარქვათ, ასევე ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი და საზრუნავი, ეს კითხვა ჩვენ მიმართ შეიძლება, ყველაზე კრიტიკულად გამოჩნდეს, რომ სად არის თქვენი როლი. ვიცით, რომ პირობითად ასეთია გარემო, თითქოს ყველამ ვიცით, რა პრობლემაა, მაგრამ პირადად ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ და ვეცდებით, რომ ნებისმიერი თემა, მით უფრო პოლიტიკური, ჩვენი მხრიდან არ იყოს წამქეზებლური, არამედ შემრიგებლური. როგორ – ამას ყოველდღიურობაში თითოეული გადაცემით ვაკეთებთ და გავაკეთებთ. ყოველთვის ვამბობ, რომ მარტო საინფორმაციო გამოშვება, მაგალითად „მოამბე“, ან ახალი და მიმდინარე ბლოკის რომელიმე გადაცემა არ არის, მთლიანობაში არხია, როგორ პოზიციონირებს არხი, რა თემებს აშუქებს, როგორ ყურადღებას უთმობს, რას აკეთებს იმისთვის, რომ ამ საზოგადოებაში სწორი ღირებულებები დანერგოს თუ განავითაროს ან რაღაცნაირად მიმართულება მისცეს. ეს ერთი მთლიანობაა. მე მგონია, რომ მისიის ნაწილშიც, ის, რომ ჩვენი გუნდი და მენეჯმენტი ამაზე მუშაობს, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მართალი გითხრათ, მზა რეცეპტები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენც ვეძებთ ამაზე სწორ პასუხებს, ძალიან ფრთხილად და ფაქიზად. მე ჩემს თავსაც არ ვაძლევ ხოლმე უფლებას, პოპულიზმის, ლოზუნგებით საუბრის. ეს ყველაზე მარტივი მგონია ჩემი მხრიდანაც, დავუშვათ ასეთი განცხადებების კეთება. ეს ყოველდღიურად შეგიძლია, აკეთო, მაგრამ იმის უკან რა დგას. როდესაც საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, მე არასდროს ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, საზოგადოების სახელით ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რა ორგანიზაციასაც წარმოვადგენ. ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ საზოგადოების ყველა ფენა და ჩვენი მოვალეობა, კანონით რომ არ ვისაუბროთ, ზოგადად სწორედ ეს არის, რომ აბსოლუტურად ზუსტად ვიცოდეთ, რა უნდა საზოგადოებას, რა მოთხოვნები აქვს და სწორად ვუპასუხოთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, პირობითად ბევრი კამათი შეიძლება. მგონია, რომ ესეც არის ერთ-ერთი ფორმა, როგორ შეიძლება, ვიკამათოთ ჯანმრთელად და ჯანსაღად, გართულებებისა და ექსცესების გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ვიპოვით ფორმებსა და გზებს, ამით ვართ ყოველდღე დაკავებული, ყოველ შემთხვევაში ძალიან ვეცდებით, რომ ეს საზოგადოება რაღაცნაირად გავხადოთ უკეთესი და ეს არ იყოს მხოლოდ სიტყვები. როგორ – ამას, როგორც უკვე ვთქვით, თქვენი გადაცემა, დილის რვის ნახევრიდან დაწყებული, სანამ ეთერი ბოლომდე არ დასრულდება, ყველა არხის მეშვეობით ამას ვცდილობთ და ვეცდებით“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეულწილად მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა, რამდენად დაცულია ჟურნალისტი.

„ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყოველდღიურად, მით უფრო ასეთ დაძაბულ გარემოში. აქ ლოგოც დაკარგულია. თითქოს იყო, ვინ ვის მიმართ. ვნახეთ 5 ივლისს, რომ ყველა ყველას მიმართ აგრესიული იყო. პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ. ზურა კიკნაძეს აქვს ეს ნაწილი არაჩვეულებრივად გაშლილი. ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანი უფლებებთან ერთად, პასუხისმგებლობის გარეშე, იმ დიდ ქაოსში მიგვიყვანს, რომ ჩვენ თვითონ შეგვეშინდება და არ მოგვინდება იქ ცხოვრება. ამიტომ ცოტა კი არა, ძალიან რთული და მძიმეა. ძალიან სერიოზულად არის ეს ყველაფერი გასაანალიზებელი და დასაფიქრებელი, თუ გუშინდელმა, ამ ერთი კვირის საშინელებამ და ქაოსმა ჩვენ კიდევ არ დაგვაფიქრა ყველაფერ ამაზე, არა ტელეკრანებიდან, არა იმისთვის, რომ ვიღაც ვიღაცას ნიშნის მოგებით ესაუბროს. გუშინ ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ ეს რაღაც სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიდის. ეს არ არის დრამატიზება, ეს არის რეალობა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.