თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს პირველი არხის ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ყველა მიიღებს განათლების სამინისტროს ლიცენზირებულ სერტიფიკატს
თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს პირველი არხის ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ყველა მიიღებს განათლების სამინისტროს ლიცენზირებულ სერტიფიკატს

ყველა, ვინც გაივლის საქართველოს პირველი არხის ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამის კურსს, მიიღებს განათლების სამინისტროს ლიცენზირებულ სერტიფიკატს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კურსის გავლა შეეძლებათ როგორც საქართველოს პირველ არხში დასაქმებულ ოპერატორებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.

„ვფიქრობ, ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროგრამას. ეს გახლავთ ოპერატორების გადამზადების პროგრამა, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ როგორც ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებულ ოპერატორებს, ასევე ამ ორგანიზაციის გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც გაივლის კურსს, მიიღებს განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ სერტიფიკატს. ასე რომ, ველოდებით ყველა მსურველს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხი ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამაზე მიღება გამოაცხადა.

პროგრამაზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 2021 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. გადამზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას, ჯამში 192 საათს. განაცხადის გასაკეთებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია საიტზე www.vet.emis.ge და აირჩიონ აღნიშნული პროგრამა. პროგრამაში მონაწილეები შეირჩევიან მათ მიერ მომზადებული პორტფოლიოს შეფასებისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე.

უფასო მომზადების პროგრამის გავლისას მსმენელები შეიძენენ ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობის შესაფერის პრაქტიკულ უნარებს და თეორიულ ცოდნას, გაეცნობიან თანამედროვე ტელეწარმოებისთვის საჭირო ტექნიკას, შეისწავლიან სხვადასხვა სატელევიზიო ფორმებს, ჟანრებს, სატელევიზიო წარმოების ტექნოლოგიებს. პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ კურსს საოპერატორო ტექნიკის განვითარების ისტორიისა და ფოტოხელოვნების თეორიის საკითხებზე, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას ოპტიკის, ვიდეოტექნიკის გამოყენების, ვიდეოგადაღების შესასწავლად.

პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება საქართველოს პირველი არხის შენობაში, ხოლო თეორიული მეცადინეობებისთვის გამოყოფილია ფართი, სადაც არის პრაქტიკული თვალსაჩინოებები.