თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობა დღეს ახალ ფორმას იძენს, მემორანდუმი საპარლამენტო ღონისძიებებების პირდაპირ ტრანსლაციას გულისხმობს
თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობა დღეს ახალ ფორმას იძენს, მემორანდუმი საპარლამენტო ღონისძიებებების პირდაპირ ტრანსლაციას გულისხმობს

საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებელის თანამშრომლობა დღეს ახალ ფორმას იძენს და მემორანდუმი გულისხმობს რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ღონისძიებებების პირდაპირ ტრანსლაციას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ, ისევე როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის 56 ქვეყნის 112 ორგანიზაცია, ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და ვქმნით ერთიან სანდო მედია ეკოსისტემას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვადასხვა ფორმით ხშირად თანამშრომლობს, რათა უზრუნველყონ საკანონმდებლო ორგანოს და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა, რაც, თავის მხრივ, ინფორმირებული და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მსოფლიო E პარლამენტის წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით, იმ პარლამენტებიდან, რომლებიც ტრანსლაციისთვის სატელევიზიო არხებს იყენებენ, 52 პროცენტს აქვს საკუთარი ტელეარხი, 48 პროცენტი იყენებს სხვა სატელევიზიო არხების დროს. ასევე, აქვთ საკუთარი ონლაინტელევიზია, თუმცა უმრავლესობა იყენებს მაუწყებლობის ერთზე მეტ მეთოდს, რადგან, ციფრული საინფორმაციო პლატფორმების გლობალური ზრდის მიუხედავად, ტელევიზია კვლავ რჩება ინფორმაციის მთავარ წყაროდ როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში.

მჯერა, რომ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. მას სჭირდება გაფრთხილება და გაძლიერება და ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი. ამიტომ, ამ მიდგომის თვალსაჩინო მაგალითია დღევანდელი დღე“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ითანამშრომლებენ პარლამენტის მიერ პარლამენტის არხის ამოქმედების მიმართულებით, რაც გულისხმობს რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ღონისძიებებების ტრანსლაციას, რომლის შინაარსზე, დროსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელია პარლამენტი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს პირდაპირი ტრანსლაციის ხელმისაწვდომობას.