თინათინ ბერძენიშვილი - რიტორიკული შეკითხვა, უნდა არსებობდეს თუ არა ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაახლოებით ჰგავს კითხვას, უნდა შევიდეთ თუ არა ევროკავშირში
თინათინ ბერძენიშვილი - რიტორიკული შეკითხვა, უნდა არსებობდეს თუ არა ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაახლოებით ჰგავს კითხვას, უნდა შევიდეთ თუ არა ევროკავშირში

რიტორიკული შეკითხვა, უნდა არსებობდეს თუ არა ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაახლოებით, ჰგავს კითხვას, უნდა შევიდეთ თუ არა ევროკავშირში, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ფუნქციურად არის ევროპის ოჯახის წარმონაქმნი. ის დემოკრატიის ნაწილია. ანუ, ქვეყნის კურსი აბსოლუტურად შეეფერება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს. როგორი უნდა იყოს, ეს შეკითხვა ყოველთვის არის და ეს გამოწვევა ყველა დიდი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშეა. მაგალითად, „ბიბისი“, რომელიც ახლა გადის მერამდენე პროცესს და ყოველთვის უწევს ამაზე საუბარი თუ კამათი. ეს სივრცე ღიაა, თუმცა, მისი არსებობის და ბიუჯეტის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია და ქვეყანა ამაზე შეთანხმებულია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, შეკითხვაზე, თუ რისთვის არსებობს და როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ძალიან ხშირად უნდა იყოს საუბარი და მაყურებელმა უფრო მეტი უნდა იცოდეს.

„ცხადია, ჩვენი შინაარსით მაქსიმალურად ვცდილობთ, მაყურებლამდე მივიტანოთ ყველაფერი, რაც აქ იქმნება და ეს შენობაც იმის ნაწილია, რომ ჩვენი შინაარსი, ვალდებულებები და ღირებულებები იყოს უფრო კარგად შესრულებული, უფრო ნათელი და ცალსახა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი დღეს გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი