თინათინ ბერძენიშვილი - პირველი არხი ყოველთვის ცდილობს, ისე გააშუქოს თემები, რომლებიც კი არ გვყოფს, არამედ გვაერთიანებს
თინათინ ბერძენიშვილი - პირველი არხი ყოველთვის ცდილობს, ისე გააშუქოს თემები, რომლებიც კი არ გვყოფს, არამედ გვაერთიანებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიაა, რომ ერთმნიშვნელოვნად შეძლოს საზოგადოების არა დაყოფა, არამედ კონსოლიდირება, გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„მე გულწრფელად მაშინებს და მაშფოთებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ის, რომ საქმეები არ არის გამოძიებული და შეიძლება, ვინმე არ იყოს დასჯილი, არის დაუსჯელობის სინდრომი. ყოველდღიურად, როცა გავდივართ სამუშაოდ ველზე, მით უმეტეს, ხაზი უნდა გავუსვა, რომ აბსოლუტურად ყველა სტანდარტის დაცვით ვართ მომზადებული, მაგალითად, პრესის აღმნიშვნელი ნიშნულებით, მიკროფონით, ლოგოთი და ა.შ. აბსოლუტურად ყველა სტანდარტს ვიცავთ. ხაზი უნდა გავუსვა, რომ პირველი არხი ყოველთვის ცდილობს, ისე გააშუქოს თემები, რომლებიც კი არ გვყოფს, არამედ გვაერთიანებს, მაქსიმალურად ცდილობს, არ გამოიწვიოს დაპირისპირება. ამ მხრივ, დღეს რაც ვნახეთ, იყო სრულიად აღმაშფოთებელი. ალბათ გამიჭირდება თქმა, სად არის გამოსავალი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი მოძალადე.

„ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა, რადგან დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ ვაგრძელებთ ამ ქვეყანაში ცხოვრებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიაც ეს არის, რომ ერთმნიშვნელოვნად შეძლოს საზოგადოების არა დაყოფა, არამედ კონსოლიდირება, გაერთიანება. თუ ერთად არ ვაღიარებთ, რომ ეს პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს, მაშინ წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ. გამიჭირდება რაიმე გამოსავალზე საუბარი, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვიცი, ჩვენი მედიასაშუალება როგორ მოიქცევა: მაქსიმალურად ეცდება და მისი ვალდებულებაც არის, რომ ადამიანების მთავარი, ფუნდამენტური ღირებულებები დაიცვას, თითოეულ მოქალაქეს ემსახუროს, განურჩევლად მისი შეხედულებებისა. კვლავაც ვეცდებით, რომ ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, ჩვენი პლატფორმა უფრო გახსნილი იყოს არა დაპირისპირებული მხარეების კიდევ უფრო დაპირისპირებაზე, არამედ მაქსიმალურად იმ საერთოს მოძებნასა და პოვნაზე, რაც ქვეყანაში გვაერთიანებს. მე მჯერა, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტი ერი, დღევანდელი დღე არ შეიძლება, იყოს ვინმესთვის მოსაწონი, მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევაში ვინ რას წარმოადგენს, მათ შორის, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ცალსახაა, რომ არ შეიძლება, იძალადო ოპერატორებზე, ჟურნალისტებზე, რომლებიც ასრულებენ საკუთარ მოვალეობას.

„შესაძლებელია, შენ ვიღაც არ მოგწონდეს, არ გინდოდეს იმ წუთას კომენტარის მიცემა, მაგრამ ამაზე სხვანაირი გამოსავალი არსებობს. ამიტომ, სრულიად გადაჭარბებული, ლამაზი და ლიტონი სიტყვების გარეშე უნდა ვთქვათ, რომ ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ არის მოსაწონი, არის დასაგმობი და ერთმნიშვნელოვნად რეაგირებაა საჭირო“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.