თინათინ ბერძენიშვილი - მაუწყებლის ნიუსრუმი კონსტრუქციული ჟურნალისტიკის აუცილებლობითაა გამსჭვალული და საზოგადოება პრაქტიკაში დაინახავს გამოსავლის ძიებას, რომელიც პოლარიზებულ სამყაროში გვჭირდება
თინათინ ბერძენიშვილი - მაუწყებლის ნიუსრუმი კონსტრუქციული ჟურნალისტიკის აუცილებლობითაა გამსჭვალული და საზოგადოება პრაქტიკაში დაინახავს გამოსავლის ძიებას, რომელიც პოლარიზებულ სამყაროში გვჭირდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმი კონსტრუქციული ჟურნალისტიკის აუცილებლობითაა გამსჭვალული და საზოგადოება პრაქტიკაში დაინახავს გამოსავლის ძიებას, რომელიც პოლარიზებულ სამყაროში ძალიან გვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოს პირველი არხის მოწვევით, თბილისში იმყოფება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და ცნობილი წიგნის „კონსტრუქციული ჟურნალისტიკის“ ავტორი.

„რამდენიმე წელია, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაზე და ძალიან მიხარია, რომ ულრიკ ჰააგერუპი, რომელიც არის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და ყველაზე ცნობილი წიგნის „კონსტრუქციული ჟურნალისტიკის“ ავტორი, არის ჩვენთან. ეს ნამდვილად პრივილეგიაა, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. რას ნიშნავს კონსტრუქციული ჟურნალისტიკა – დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჟურნალისტებთან, ხვალ კი ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გვექნება კონფერენცია, სადაც მოვიწვევთ დაინტერესებულ პირებს.

„ყველას უნდა პროგრესი, მაგრამ არავის უნდა ცვლილება“, – ეს ერთ-ერთი ფრაზაა ამ წიგნიდან, ჩვენ  გვინდა ცვლილება, ამაზე უკვე გავაკეთეთ განაცხადი, ჩვენმა 11-მა ჟურნალისტმა გაიარა ტრენინგი დანიაში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტში, ახლა წასასვლელად ემზადება კიდევ ექვსი ჟურნალისტი, რამდენიმე პროდიუსერი და ვფიქრობ, ჩვენი ნიუსრუმის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ დამოკიდებულებით, კონსტრუქციული ჟურნალისტიკის აუცილებლობითაა გამსჭვალული და ჩვენი საზოგადოება სულ მალე პრაქტიკაში დაინახავს იმ გამოსავლის ძიებას, რომელიც პოლარიზებულ სამყაროში და ჩვენს ქვეყანაში ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი ულრიკ ჰააგერუპი დღეს ვორქშოპს მართავს, ხვალ კი პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართება.